სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მთლიანად დასრულდა, თუმცა სასწრაფო დახმარება კვლავ ძველ შენობაში ფუნქციონირებს.
ახალქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორის, ერემ ეზოიანის თქმით, შენობა მზად არის, თუმცა ახალ კორპუსში გადასვლა ჭიანურდება იმის გამო, რომ ახალი შენობის საზეიმო გახსნას ელოდებიან.
აღვნიშნავთ, რომ სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში არის 3 დასასვენებელი ოთახი ექიმების, ექთნებისა და მძღოლებისთვის. ასევე არის ფართო სამზარეულო-სასადილო ოთახი და დირექტორის კაბინეტი, რომელსაც აქვს ადგილი არქივის შესანახად. კორპუსს აქვს საქვაბე ოთახი, რომლის შესასვლელი ეზოდან არის და ორი სველი წერტილი.
ახალქალაქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობის მშენებლობა გასული წლის 3 აგვისტოს დაიწყო. შენობა ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში , სასწრაფო დახმარების ძველი შენობის წინ მდებარეობს. ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა. საწყისი თანხა 459 451 ლარს შეადგენდა, ტენდერი ახალქალაქელმა ინდმეწარმემ სერგეი ჩოლახიანმა 420 200 ლარით მოიგო.
ახალქალაქში სასწრაფო დახმარების შენობის ასაშენებლად თავდაპირველად ადგილს ვერ პოულობდნენ, რის გამოც ახალი კორპუსის მშენებლობა გაჭიანურდა. 4 წელი დასჭირდა ადგილმდებარეობის გადაწყვეტას და მშენებლობისთვის მომზადებას. აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრის მშენებლობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს საქართველოში 300-მდე კლინიკის რეკონსტრუქციის, 100-ზე მეტი ახალი კლინიკისა და 40 სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა დაიწყო. მთავრობამ 20 მილიონი ლარი გამოყო პროექტის განსახორციელებლად, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს, მათ შორის ახალქალაქს.