ორგანიზაციების „უცხოური აგენტების რეესტრში“ რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე დარჩა 2 დღე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 230-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ რეგისტრაციის განაცხადი უკვე შეიტანა, ახალქალაქში კი 12 აქტიური ორგანიზაციიდან 4 დარეგისტრირდება.
ჯავახეთის რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობის 25 წლის მანძილზე მათი რიცხვი შემცირდა. დღეს დარეგისტრირებული 200-ზე მეტიდან სულ რამდენიმე ათეული აქტიური დარჩა. Jnews-ის მონაცემებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოქმედმა 12 არასამთავრობო ორგანიზაციამ „უცხოური აგენტების რეესტრში“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით 3 გზა აირჩია.
4 ორგანიზაციამ „უცხოური აგენტების რეესტრში“ დარეგისტრირება გადაწყვიტა. კიდევ 4 არასამთავრობო ორგანიზაციას ბოლო ორი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან არცერთი ფონდისა და დონორისგან დაფინანსება არ მიუღია და შესაბამისად მათ რეგისტრაცია არ დასჭირდათ. კიდევ 4 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც უცხოელი დონორებისგან და ფონდებისგან მიიღეს გრანტები, არ დარეგისტრირდება ან ლოდინის რეჟიმშია.
2 სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს იმ ორგანიზაციების მონიტორინგს, რომლებმაც რეგისტრაცია არ გაიარეს. მათ, ვინც კანონის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ რეგისტრაცია არ გაიარა, ათასობით ჯარიმა ემუქრება.
აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ხელს უწყობენ სკოლისგარეშე განათლების, აუტიზმით დაავადებულ ბავშვებთან მუშაობას, ოჯახში ძალადობისა და გენდერული უთანასწორობის მსხვერპლებთან მუშაობას, ეთნიკური უმცირესობების უფლებებს და ასევე სოფლის მეურნეობის დარგში მუშაობენ და ა.შ.
აქვე დავამატოთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 30 აგვისტოს, გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მასშტაბით 230-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „უცხოური აგენტების რეესტრში“ რეგისტრაციისთვის განაცხადი 2 აგვისტოს შეიტანა. ამავე მონაცემებით, საქართველოში სულ 30 000 არაკომერციული ორგანიზაციაა რეგისტრირებული, მათ შორის ბევრი არ არის მოქმედი.