2 სექტემბერს იწურება იმ ორგანიზაციების „უცხოური აგენტების რეესტრში” ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი 2023 წლისთვის მოდიოდა საზღვარგარეთიდან. როგორც ამას წინათ Jnews-მა გაცნობათ, ახალქალაქში 12 აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციიდან რეესტრში რეგისტრაცია 4-მა გადაწყვიტა. Jnews-ი ამ ორგანიზაციების ზოგიერთ წარმომადგენელს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მარტივია და რამდენი დრო სჭირდება რეესტრში დარეგისტრირებას. კომენტარები რესპონდენტთა მოთხოვნით ანონიმურად არის გადმოცემული.
ახალქალაქის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორმა Jnews-თან ინტერვიუში თქვა, რომ რეესტრში რეგისტრაცია საკმაოდ რთული პროცესია, დიდ დროს მოითხოვს და გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„დეკლარაციის შევსება ხანგრძლივი პროცესია, ყველაფერი დეტალურად უნდა ჩაიწეროს. ამ დეკლარაციას ისედაც ვაკეთებთ, უბრალოდ ახლა უნდა აღწეროს ყველაფერი, 2023 წლის განმავლობაში ვინ რამდენჯერ მიიღო ხელფასი, გადასახადები, საპენსიო ფონდი და ა.შ., შენობაში ინვენტარიზაცია უნდა ჩატარდეს, რა იყიდეს, როდის იყიდეს, მიუხედავად იმისა, რომ RS.ge-ს ეს ყველაფერი აქვს“, – ყვება ის.
მისი თქმით, მათ ორგანიზაციას ყველა დოკუმენტის შესავსებად ფინანსისტისა და იურისტის დაქირავება დასჭირდა. პროცესი დაახლოებით 3 კვირა გაგრძელდა.
„ჩვენ გვერდზე დეკლარაციის ფორმის გაჩენისთანავე დავიწყეთ მუშაობა და დღემდე ვმუშაობთ. არის ნიუანსები, რომლებიც არ ვიცით როგორ შევავსოთ და ამიტომ კონსულტაცია იურისტისა და ფინანსისტისგან მივიღეთ. ჩვენ ამ ეტაპზე შევავსებთ, შემდეგ მოგვცემენ დროს, თუ შეცდომები გვექნება, გამოვასწორებთ“, – აღნიშნავს ის.
კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ახალქალაქში, რომელმაც ასევე გადაწყვიტა რეესტრში დარეგისტრირება, აღნიშნავს, რომ დიდ სირთულეებს იწვევს სანდო ინფორმაციის ნაკლებობა იმის შესახებ, რა და როგორ უნდა გაკეთდეს.
„ხარჯები არ არის, მხოლოდ ბუღალტერს თუ დაიქირავებ შესავსებად. მაგრამ სირთულეები გამოწვეულია არა იმდენად ხარჯებით, არამედ იმით, რომ ამ პროცესის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არავინ იცის. მაგალითად, გავიგე, რომ ფინანსური დეკლარაციის გარეშე უნდა გაიარო რეგისტრაცია, მაგრამ იუსტიციაში ამბობენ, რომ დეკლარაცია უნდა მიიტანო. არის კითხვები, რომლებიც არც მათ და არც ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს სწორად”, – კომენტარს აკეთებს ის.
მისივე თქმით, ცხელ ხაზზეც ძალიან ბუნდოვან პასუხებს იძლევიან, კონკრეტიკის გარეშე.
„დეკლარაცია საკმაოდ რთულია, უკვე ორი კვირაა, რაც ბუღალტერი ავსებს. მე ნამდვილად არ შემეძლო ამის გაკეთება, ბუღალტერი დავიქირავე. და ეს არ არის ფაქტი, რომ ჩვენ სწორად ვავსებთ მას, ეს მოგვიანებით გახდება ნათელი”.
ის ამატებს, რომ თუ ორგანიზაციას აქვს ინვენტარი და მათ სჭირდებათ ინვენტარიზაცია და აუდიტი, მაშინ ამას უკვე დიდი ხარჯები და სირთულეები მოყვება.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების “უცხოური აგენტების რეესტრში” რეგისტრაცია, რომელთა 2023 წლის დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მოდის. 2 სექტემბერს რეგისტრაცია დაიხურება, რის შემდეგაც დაიწყება იმ ორგანიზაციების მონიტორინგი, რომლებიც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს ექვემდებარებიან, მაგრამ რეგისტრაციას თავს არიდებდნენ. მათ 25 000 ლარიანი ჯარიმა და იძულებითი რეგისტრაცია ემუქრებათ.