26 აგვისტოს ახალქალაქში გაიმართა შეხვედრა რიგ მნიშვნელოვან თემაზე, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოეტანათ აქტუალური საკითხები. ისეთი საკითხები, როგორიცაა მოახლოებული არჩევნები, ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება, ახალგაზრდობის აქტიურობის მნიშვნელობა და ა.შ.
Jnews-ს ესაუბრა საქართველოს ევროპული ორბიტის სამოქალაქო პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას.
„ჩვენ წარმოგიდგენთ სამოქალაქო პლატფორმას – საქართველოს ევროპულ ორბიტას. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვხვდებით ახალგაზრდებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, არჩევნებზე და ხალხის აქტიურობის მნიშვნელობაზე, რათა მათ მიიღონ წარმოდგენა, თუ რა დიდი როლი შეიძლება ჰქონდეს მათ ერთ ხმას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ახალქალაქში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „შენი ხმა ევროკავშირს“ ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ვრცელდება ინფორმაცია ევროინტეგრაციის, ასევე ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების შესახებ. . სხვათა შორის, ეს სამოქალაქო პლატფორმა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას განახორციელებს.
შეხვედრა საინტერესო დისკუსიებითა და ინფორმაციის გაცვლით წარიმართა.