დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში შეძენილი ბილბორდის დამონტაჟება მიმდინარეობს. ამ ეკრანზე დღეს, 18 ივნისს, 20:00 საათზე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველო-თურქეთის მატჩი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
მუნიციპალიტეტმა ბილბორდი „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროექტის ფარგლებში ეკრანის უზრუნველყოფა/დამონტაჟების ტენდერით შეიძინა. ის თავდაპირველად გამოცხადებული 29500 ლარით შპს ”ლედმობ სარეკლამო კომპანია ლტდ”-მ მოიგო.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოდან ახალქალაქში „საზოგადოების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობისთვის“ პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც რიგით მოქალაქეებს მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ მუნიციპალური ბიუჯეტირების პროცესში.
პროექტის მიხედვით, ქალაქ ახალქალაქში რეგისტრირებულ და/ან რეალურად მცხოვრებ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლო შეეთავაზებინა იდეა, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის ზოგადი გაუმჯობესების განვითარებას. ინიციატივების ბიუჯეტი არ უნდა ყოფილიყო 30 000 ლარზე მეტი.
ახალქალაქის მერიაში 4 ინიციატივა შევიდა, საიდანაც კენჭისყრაზე არჩეულ იქნა 2 – „ახალქალაქის განვითარების ინტერაქტიული ბილბორდი“ და „საათი“. კენჭისყრის შედეგად ბილბორდმა გაიმარჯვა.
მერიას ჯერ არ დაუდგენია ზუსტად რა ვიდეოების ჩვენება შეიძლება აღნიშნულ ბილბორდზე და ვინ იქნება პასუხისმგებელი მის მუშაობაზე და ეკრანზე გამოსახულ კონტენტზე. ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.