სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში აგრობარათების დარიგების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი გაეცნო.

20 მაისიდან, ეტაპობრივად მიმდინარეობს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთის ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის; ეტაპობრივად ხდება ბანკის მიერ აგრობარათების დარიგებაც. ფერმერებს შეუძლიათ დარიცხული ქულებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.

ფერმერებმა ბანკში ვიზიტის დროს თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მხოლოდ მას შემდეგ მიმართონ ბანკს როცა პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ვებპორტალზე myliberty.ge. გადამოწმებენ ინფორმაციას.

პროგრამის ბენეფიციარებს დარიცხული აგროქულების განაღდება 2021 წლის 20 მაისამდე შეეძლებათ.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით 200 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონ ლარს შეადგენს.