მეფუტკრე ახალქალაქიდან, ისრაელ მინასიანი შეშფოთებულია იმით, რომ პესტიციდები, რომლებიც მეკარტოფილეობაში გამოიყენება, მავნებელია ფუტკრისთვის. კონტროლის არარსებობა და პესტიციდების გადაჭარბებული გამოყენება მუნიციპალიტეტში ფუტკარს ანადგურებს.
ისრაელ მინასიანის მამა მეფუტკრე იყო, ის ამ გარემოში გაიზარდა და ახლა 20-წლიანი გამოცდილების მქონე მეფუტკრეა.
მას 60 სკა აქვს. ისრაელ მინასიანი მიიჩნევს, რომ მეფუტკრეობის პროფესია ნებისყოფას საჭიროებს. მას უყვარს ეს საქმე. თუმცა, წუხს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში ფუტკრების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და ამის მიზეზი, მეკარტოფილეების მიერ პესტიციდების უკონტროლო და გადაჭარბებულ გამოყენებაა.
ისრაელ მინასიანი სკებს ფუტკრებთან ერთად შემოდგომიდან ზაფხულამდე ასპინძის მუნიციპალიტეტში ათავსებს, სოფელ პიას მახლობლად. მისი თქმით, იქ უსაფრთხოა, კარტოფილს არ თესავენ, ხოლო ხეებს მავნებლებისგან არ ამუშავებენ. როგორც კი, ზაფხულში სკა ახალქალაქში ჩამოჰყავს, ფუტკარი მაშინვე მცირდება.
”არა მხოლოდ ჩემს ფუტკარზე მოქმედებს, არამედ მუნიციპალიტეტში ყველაზე, მეკარტოფილეებმაც კარგად იციან ეს, ახლა თვის ბოლოს დაიწყებენ კოლორადოს ხოჭოს საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებას, ფუტკრისთვის ეს შხამია, ფუტკარზე პესტიციდებიც მოქმედებს, ისინი ხომ მინდვრებზე დაფრინავენ. წელს ეს ჯერ არ შემიმჩნევია, მაგრამ შარშან, ასპინძიდან ჩამოტანიდან ერთი კვირის შემდეგ, ფუტკარი მაშინვე შემცირდა”,- ამბობს ისრაელ მინასიანი.
სკები სოფელ ვაჩიანში, სატელევიზიო ანძის მახლობლად აქვს.
ისრაელ მინასიანის აზრით, მეკარტოფილეები ხშირად ბოროტად იყენებნ პესტიციდებს და არ უფიქრდებიან, რომ ამით ზიანს აყენებენ საკუთარ თავს და ფუტკრებს. ის მიიჩნევს, რომ კარტოფილზე პესტიციდებით განაყოფიერების პროცესი აგრონომებმა უნდა გააკონტროლონ.
”თუ 1 ჰექტარზე საჭიროა 100 გრამი პესტიციდი, ისინი 200 გრამს ასხამენ, რომ ბალახი საერთოდ არ გაიზარდოს და არ იწვალონ”.
მას ესმის, რომ მეკარტოფილეობა და პესტიციდების რეალიზაცია არის ბიზნესი და ვერავინ აუკრძალავს პესტიციდების გამოყენებას, მაგრამ ფიქრობს, რომ შესაძლებელია, როგორმე შეთანხმება და საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა.
“კოლორადოს ხოჭოს საწინააღმდეგო წამლით დამუშავება შეუძლიათ თესვის დროს. ევროპაში არის კონტროლი, სადაც ფუტკრებია, 10 კმ რადიუსში არაფრის დათესვის უფლება არ აქვთ, ხეების ქიმიკატებით მკურნალობა არ არის დაშვებული. სასურველია მეკარტოფილეებთან მოლაპარაკება, რომ სპეციალისტები მოვიდნენ და თავიანთი სიტყვა თქვან, რომ ფუტკარი არ გაქრეს, ყველაფერი კი, აქამდე მიდის. მეცნიერების თქმით, თუ ფუტკარი გაქრება, 4 წლის შემდეგ კაცობრიობა გაქრება”, – ამბობს ისრაელ მინასიანი.
შარშანდელი წელი არ იყო ნაყოფიერი მეფუტკრეობისთვის. ისრაელი წელს თაფლის კარგ მოსავალს ელოდება, ამბობს, რომ ღამე თბილა და ეს ყვავილებს ნექტარის წარმოქმნის საშუალებას აძლევს, გარდა ამისა, ამ დღეებში წვიმები დადებითად აისახება ნაყოფიერებაზეც.
ბოლოს მეფუტკრეებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თაფლის კარგი მოსავალი 2016 წელს მიიღეს.
ფუტკრების სიკვდილის პრობლემა არ არის ადგილობრივი, ის გლობალურია. ამის წინააღმდეგ ბრძოლის რა ხერხები არსებობს, რა კეთდება საქართველოში და როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება? Jnews-ი შეეცდება ამაზე მომდევნოსტატიებში მოგაწოდოთ ინფორმაცია.