ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მორწყვის სეზონი დაიწყო. ჩართულია საზოგადოებრივი სარწყავი სისტემები. ზოგადად, მუნიციპალიტეტში სარწყავი სეზონი ერთი თვე გრძელდება, 15 აგვისტომდე.
ზოგიერთ სოფელში კარტოფილის მორწყვა უკვე დაიწყო, ზოგან კი, რამდენიმე დღეში დაიწყება.
სოფელ ჩამდურადან ფერმერი მურადიანი ამბობს, რომ სახელმწიფო სარწყავი სისტემები ჩართულია, სარწყავ არხებში წყალი უკვე არის და პროცესი სრულიად მიმდინარეობს.
„ტუმბოებიდან წყალი ჩაედინება არხებში და იქიდან რწყავს მინდვრებს. მე დავიწყე მორწყვა, ყველაფერი კარგადაა. ჩემი კარტოფილი ადრეული ჯიშია, უკვე აყვავებულია და მორწყვის დროა. მოწყვასთან დაკავშირებით მოსახლეობის დავალიანება შარშან მთავრობამ დაფარა, შესაძლოა, წელსაც ასე იყოს“, – თქვა მურადიანმა.
სარწყავი გადასახადი სახელმწიფო სარწყავი სისტემით სეზონზე 1ჰა-ზე 75 ლარს შეადგენს.
სარგის მელიქიანი სოფელ ხანდოდან, ამბობს, რომ მათ სოფელში კარტოფილის მორწყვა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მზადება მიმდინარეობს, აუზებისთვის წყალი ტუმბოებით იქაჩება.
,,ტუმბოები წყალს აუზებში ქაჩავს, რათა მოსახლეობამ იქიდან მორწყოს მინდვრები. ჯერ არ ვიცით, პრობლემები იქნება თუ არა, პროცესის დაწყებისას გაირკვევა, გვიანი კარტოფილი გვაქვს, ამიტომ მორწყვას ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ“, – თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს დაარსდა საქართველოს ერთიანი სამელიორაციო სისტემების კომპანია. დაიწყო საბჭოთა პერიოდში არსებული სარწყავი სისტემების აღდგენა, რომლებიც 90-იან წლებში ჩამოინგრა, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
„გაერთიანებულ მელიორაციას“ სერვის ცენტრები საქართველოს მასშტაბით აქვს. ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთის სერვის ცენტრი გაიხსნა. ის 5 მუნიციპალიტეტს ემსახურება: ახალციხეს, ასპინძას, ადიგენს, ახალქალაქსა და ნინოწმინდას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამჟამად 7 სარწყავი სისტემაა:
1. ლომატურცხის სარწყავი სისტემა (თვითდინებით) – ემსახურება სოფლებს: ალათუმანს, კოჩიოს, გოდოლარს, ლომატურცხს, ტურცხს, კოთელიას, ხანდოს;
2. კოთელიას სარწყავი სისტემა (მექანიკური) – ემსახურება სოფელ კოთელიას და უკავშირდება ლომატურცხის სისტემას;
3. ზაკის სარწყავი სისტემა (მექანიკური) – ემსახურება სოფლებს: ზაკს, კოთელიას, არაგვას, ორჯას, ხანდოს და უკავშირდება სარწყავი სისტემა ლომატურცხს;
4. ალმალის სარწყავი სისტემა – მურჯახეთი (მექანიკური და გრავიტაციული) – ემსახურება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს: კულალისს, ჰოსპიოს, მურძახეთს, ვაჩიანს, ჩამდურას, ზრესს, კულიკამს და კარტიკამს.
5. ოკამის სარწყავი სისტემა (მექანიკური) – ემსახურება სოფლებს: ოკამს, კარცეფს, გოგაშენს, აფნიას;
6. სარწყავი სისტემა დილისკა – პტენა – ჩუნჩხა (მექანიკური) – ემსახურება სოფლებს: დილისკას, პტენას, ჩუნჩხას;
7. ზრესის სარწყავი სისტემა (მექანიკური) – ემსახურება სოფლებს: დილისკას, ჩამდურას, კიროვაკანს, კუმურდოს, ვაჩიანს.