ვარძიის მიმდებარედ ე.წ. წითელ ზონაში სასულიერო პირებმა ფანჩატურები ჩადგეს. უკანონოდ ააშენეს ათობით სასტუმრო და შემდეგ მიიღეს ნებართვა ბაკურიანში „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა პირებმა და პარტიის შემწირველებმა. ყოფილმა პარლამენტარმა, ლერი ხაბელოვმა კი ბორჯომის ცენტრში, 6–სართულიანი სასტუმროს მშენებლობა ორი წლის წინ, ნებართვის გარეშე დაიწყო და დაასრულა კიდეც. ბოლო პერიოდში საკურორტო ზონებში უკანონო მშენებლობებმა მასშტაბური სახე მიიღო. ამას მოწმობს სახელმწიფო აუდიტის ბოლო დასკვნაც, სადაც მკაფიოდ და ხაზგასმით არის საუბარი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხს არასათანადოდ აკონტროლებს.
„ვარძია“, იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში მოსახვედრად ჯერ კიდევ 1999 წელიდან იბრძვის. ერთ–ერთი შემაფერხებელი ძეგლის მიმდებარედ ქაოტური განაშენიანებაა.
იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში შესვლა ვარძიის ისტორიული კომპლექსის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით გაზრდის. რაც ხელს შეუწყობს ტურისტების და შემოსავლის მატებას. იმისთვის, რომ ვარძიის ისტორიული კომპლექსი ძეგლთა ნუსხაში მოხვდეს, სახელმწიფოს სრულფასოვანი მართვის გეგმა უნდა გააჩნდეს.
ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წელს ხეობის გასწვრივ 20–კილომეტრიან მონაკვეთზე, „ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი“ 485 000 ლარად შეიმუშავა. ეს იყო პირველი ეტაპი, ამის შემდეგ რა გაკეთდა გენერალური გეგმის მოსამზადებლად და როდის შეძლებს ვარძია “იუნესკოს“-ს ძეგლთა ნუსხაში მოხვედრას, ჩვენთვის უცნობია. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა, პასუხი ვერც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის შემდეგ მივიღეთ.
2019 წელს კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ თვითნებური მშენებლობები ცვლის ძეგლის ისტორიული ლანდშაფტის იერსახეს და, ამავდროულად, ზიანს აყენებს ვარძიის კომპლექსის „იუნესკოს“ ძეგლთა ნუსხაში წარდგენის პროცესს.
„ამ ლანდშაფტის ჩამოყალიბებული, ისტორიული კონტექსტი უნდა იყოს ხელუხლებელი. ქალაქმშენებლობის ყოველგვარი ქაოტური განაშენიანება და თვითნებური მშენებლობები ვნებს ამ პროცესს და პერსპექტივას უსპობს ვარძია-ხერთვისი-ოლდას ერთიანი ლანდშაფტის ნომინაციის პროცესს“, – ამბობდა ბექა ბარამიძე.
ვარძიის მიმდებარე ტერიტორიის ერთი ნაწილი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, მეორე ნაწილი კი ახალქალაქს.
ვინ ფლობს ობიექტებს ვარძიის მიმდებარედ
ვარძიასთან ახლოს 4 კვების ობიექტი და 1 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს. ცოტა მოშორებით, დაახლოებით 600 მეტრში კიდევ ერთი სასტუმრო შენდება.
ოთხი კვების ობიექტიდან ერთ–ერთი, „რესტორანი ვარძია“ მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზეა განთავსებული, არცერთ შენობას საკადასტრო რუკაზე კოდი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სავარაუდოდ უნებართვოდ არის აშენებული.
რესტორანი, ამჟამად ადგილობრივ, შოთა მელიქიძეს აქვს ნაქირავები. როგორც თავად ამბობს ეპარქიისგან. თუმცა რა ტიპის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ჩვენთვის უცნობია, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და სასულიერო პირებთან გვამისამართებს.
რესტორნის მიმდებარედ 21 700 კვ.მ ფართი საქართველოს საპატრიარქოს, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას აქვს დარეგისტრირებული [საკადასტრო კოდი 60.10.34.053]
ხუთი ფანჩატურიდან და სამი შენობიდან, რომელიც მტკვრის ნაპირზეა განთავსებული, მხოლოდ ერთი შენობა დგას საპატრიარქოს კუთვნილ მიწაზე. ადგილობრივების თქმით, ამავე ტერიტორიაზე ცხოვრობს სასულიერო პირი, ბერი გიორგიც.
მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით კითხვა სასულიერო პირსაც დავუსვით, მან განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა და დეტალებზე ჩვენთან არ ისაუბრებდა.
„არ მაქვს სურვილი რომ ვისაუბრო, აზრს ვერ ვხედავ და მიზეზს. რა საჭიროა, რაში გაინტერესებს?! მე მიზანს ვერ ვხვდები თქვენსას. ყველაფერი კანონის ფარგლებშია. პირიქით, აქეთ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ხელს გვიშლიან“,– გვითხრა მან.
ორთო რუკის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე 2012 წლის ივლისში ერთი ნანგრევი და ერთი შენობა დგას, 2015 წელს კი ორი შენობა და ერთი ფანჩატური. რა პერიოდში აშენდა ხუთი ფანჩატური და როგორ მოიპოვა საპატრიარქომ მშენებლობის უფლება, ჩვენთვის უცნობია, ამ თემაზე სასულიერო პირი და კვების ობიექტის ამჟამინდელი მფლობელი არ საუბრობენ.
ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ვარძიის დედათა მონასტრში კი გვითხრეს, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვთ:
„თუ ეს საქმე ძიებაში არ არის რატომ კითხულობთ, რა თქვენი საქმეა რატომ დგას და როგორ არის?! რა გინდათ საპატრიარქოსგან?! უკანონოდ არ არის, ვინ გეკითხებათ ჟურნალისტებს სად რა არის და როგორ?! თქვენ მიხედეთ თქვენს რეპორტაჟებს, ჩვენ შეგვეშვით. სხვა ინტერესი გაქვთ, შეეშვით ეკლესიას, ვერანაირ კომენტარს ვერ მოგცემთ. არის საპატრიარქოს საკუთრება და ყველაფერი არის გაფორმებული და ვინ გეკითხებათ აქვს, თუ არა საკადასტრო კოდი მინიჭებული?! შეგიძლიათ სხვა უკანონო მშენებლობაზე გააკეთოთ, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“,– გვითხრა მონასტრის ერთ–ერთმა მონაზონმა.
„სამხრეთის კარიბჭემ“ მფლობელის ვინაობის გასარკვევად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წერილობით მიმართა, თუმცა, უწყებიდან მოგვწერეს, რომ ჩვენს მიერ განცხადებაში მითითებული მონაცემებით (სიტუაციური ნახაზი) ვერ მოხდა უძრავი ნივთის იდენტიფიცირება.
საიას იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, საჯარო რეესტრის საკადასტრო რუკით დგინდება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობებია. ასევე პრობლემას ქმნის მდინარის კალაპტოთან სიახლოვეც, რადგან აქ კიდევ დამატებითი რეგულაციების დაცვაა საჭირო.
„აქ ორი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ერთი ის, რომ აღნიშნული მშენებლობა არის განხორციელებული ნებართვის გარეშე, რადგან არ არის გარკვეული ვინ არის მესაკუთრე. მეორეს მხრივ ეს არის მდინარის კალაპოტი. თუ ამჟამად არის დაწყებული წარმოება თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარებასთან დაკავშირებით, ეს საკითხიც შესასწავლია, რადგან მდინარის კალაპოტში არ შეიძლება მშენებლობის განხორციელება და აქ თავისებური რეგულაცია ხორციელდება. ამას სჭირდება ექსპერტიზის დასკვნა მშენებლობის განსახორციელებლად, ამ შემთხვევაში კი მესაკუთრეც არ არის დადგენილი“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.
მისი თქმით, საკითხი ასპინძის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა შეისწავლოს. არ არის გამორიცხული, რომ შენობები დემონტაჟს დაექვემდებაროს.
აქვე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო მშენებლობა წლების წინ განხორციელდა, სამართალმემკვიდრეობითი რეაგირება მოქმედი ხელისუფლების მხრიდან უნდა მოჰყვეს:
„მიუხედავად იმისა, რომ მიდებარე ტერიტორიაზე საპატრიარქოს აქვს მიწები საკუთრებაში, მდინარის კალაპოტში მშენებლობის უფლება მათ არ ჰქონდათ. თუ წყალუხვობა მოხდა, საფრთხე პირველ ეტაპზე შეექმნება ამ ტერიტორიას, სადაც კოტეჯებია. გარდა ინფრასტრუქტურული უსაფრთხოებისა, ადამიანური უსაფრთხოება დგას დღის წესრიგში. ეს არის დემონტაჟის და ჯარიმის საკითხი, წესით დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან ჩვენ არ ვიცით ასეთი ტიპის მშენებლობა ამ ტერიტორიაზე თუ არის შესაძლებელი. ეს არის სავარაუდოდ უკანონო მშენებლობა“, – ამბობს საიას იურისტი.
რადგან ირკვევა, რომ შენებლობა სავარაუდოდ უნებართვოდ არის შესრულებული, პრობლემაა მისი გაქირავების საკითხიც: „თუ არ არის დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და შენობა, ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულება არის არსებითი ნაკლის მქონე. ეს გულისხმობს იმას, რომ სასულიერო პირს არ აქვს მისი გაქირავების უფლება“, –ამბობს იურისტი.
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების უკანონო მშენებლობები ბაკურიანში
ბაკურიანში ტყის პირველ ზოლში, ჯერ მშენებლობა დაიწყეს და შემდეგ მიიღეს ნებართვა „ოცნების“ შემწირველების კომპანიებმა „თრიალეთმა“ და „მწვანე ველმა“.
„ბობოლინოები“
კომპანიის დირექტორს ლაშა გოგოლაძეს და მის ძმას გიორგი გოგოლაძეს ბაკურიანში „ბობოლინების“ სახლით ცნობენ. ამ სახელწოდებით – შპს „ბობოლინო“ – 2015 წელს, ერთ-ერთმა ძმამ, ლაშა გოგოლაძემ კომპანიაც დააფუძნა.
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების თანახმად, ძმები ბაკურიანში ჯამში დაახლოებით 10 ჰა მიწას ფლობენ. ტყის პირველ ზოლში ლაშა გოგოლაძის კომპანიებს 15–ზე მეტ სასტუმრო, ან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აქვს აშენებული. გარდა აღნიშნულისა, შენობების ნაწილი კურორტის ერთ–ერთ პრესტიჟულ ადგილზე – აღმაშენებლის და წაქაძის ქუჩებზე მდებარეობს. ლაშა გოგოლაძე ბაკურიანში ე.წ. 25–ანების საბაგიროსაც ფლობს.
ერთ–ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც ტყის პირველ ზოლში მიწის ნაკვეთები აქვს ლაშა გოგოლაძის შპს „არქტურია“.
შპს „არქტურს“ 5 შვილობილი კომპანია აქვს, რომლებიც შპს „არქტურის“ მსგავსად მიწის ნაკვეთებს ყიდულობენ, მშენებლობებს იწყებენ და შემდგომ ბინებს ყიდიან.
შპს „არქტური“ ლაშა გოგოლაძემ 2016 წლის აპრილში იყიდა. აღნიშნულ კომპანიაში (რეორგანიზაციამდე) 45% წილს გიორგი (გოგი) თოფაძე ფლობდა, რომელიც მერვე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო. მან სხვადასხვა დროს აღნიშნული პარტიის ანგარიშზე 180 000 ლარი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა გოგოლაძეა დირექტორი გოგი თოფაძის (15%) შპს „ქართუ უნივერსალის“ შვილობილი კომპანიის შპს „თრიალეთი +“ის. 15 000 ლარით „ქართული ოცნების“ შემწირველია ლაშა გოგოლაძის კიდევ ერთი ბიზნესპარტნიორი გიორგი აზარიაშვილი, რომელთან ერთადაც შპს „გარეჯი 2022“-ში 50% წილს იყოფს.
ლაშა გოგოლაძე ჯამში 12 სხვადასხვა კომპანიაში ფლობს წილებს, ან ხელმძღვანელობს. მან მმართველ პარტიას, [„ქართულ ოცნებას“] 2023 წლის 6 ოქტომბერს 60 000 ლარი შესწირა. მანამდე კი კურორტზე უნებართვო სამუშაოები მისმა ერთ–ერთმა კომპანიამ შპს „მწვანე ველი 22“–მა აწარმოა. კომპანია 2022 წელს დააფუძნა და თავად არის 100%–იანი წილის მფლობელიც.
უკანონო მშენებლობისთვის ბორჯომის მერიამ, გოგოლაძეების ორი კომპანია „მწვანე ველი“ და შპს „თრიალეთი “ დააჯარიმა.
იურისტი, ნათელა გოგოლაძე ფაქტს გვიდასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი კომპანიები არა მშენებლობისთვის, არამედ მშენებლობის დასაწყებად მიწის გათხრის გამო დააჯარიმეს.
„მწვანე ველი“ არის შპს „არქტურის“ შვილობილი კომპანია. რაც შეეხება ჯარიმას, ეს იყო ჩვენი ბრალეულობა. იქიდან გამომდინარე, რომ ბაკურიანი არის მაღალმთიანი ზონა და ზამთარი იწყება ძალიან ადრე ამიტომ, ნებართვის მიღებამდე, ერთი თვით ადრე დავიწყეთ სამუშაოები. ეს იყო ძირითადად მიწის სამუშაოები და კანონის გათვალისწინებით დავჯარიმდით“,– ამბობს ნათელა გოგოლაძე.
ნათელა გოგოლაძის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიას ყველა პრობლემა მოგვარებული აქვს. შპს „მწვანე ველზე“ მდებარე სამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მშენებლობის ნებართვა 2022 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და 2023 წლის დასაწყისში მიიღეს.
რაც შეეხება ჯარიმას, ბორჯომის მერიაში გასაჩივრეს, თუმცა ნებართვის მიღების შემდგომ დავა აღარ გააგრძელეს: „მოხდა ისე, რომ მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროში შეთანხმდა, წერილი უკვე არსებობდა და სსიპ–მა ნებართვა გასცა. შევწყვიტეთ საქმე და ჯარიმა გადავიხადეთ“,– გვითხრა მან.
“მუნიციპალიტეტის სერვისების განვითარების სააგენტოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სამი კორპუსიდან მშენებლობის მხოლოდ ერთზე აქვთ, რომელიც 2023 წელს 24 იანვარს მიიღეს. ორის შემთხვევაში კი მხოლოდ “ესკიზის წინასწარი შეთანხმების დოკუმენტია” ატვირთული, აღნიშნული ვებ–გვერდით, თუ ვიმსჯელებთ, მშენებლობის ნებართვები არ არის გაცემული. (ერთი კორპუსის ესკიზი 2022 წლის 22 ივნისს არის ატვირთული, მეორესი კი ამავე წლის 22 აგვისტოს).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანია 2022 წლის 22 ნოემბერს მსურველებს უკვე სთავაზობდა “მწვანე ველის გამორჩეულ დასახლებაში” ბინის შეძენას. ტექსტს თან ერთვის ვიდეო, სადაც ჩანს თითქმის დასრულებული მშენებლობა.
საიას იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, მხოლოდ ესკიზის საფუძველზე კომპანიას მშენებლობის დაწყების უფლება არ ჰქონდა.
შპს „თრიალეთი“
სამშენებლო სამუშაოები ნებართვის მიღებამდე დაიწყო ლაშა გოგოლაძის კიდევ ერთმა კომპანია – შპს „თრიალეთმაც“.
„კი, გვქონდა კიდევ ერთი შემთხვევა [საუბარია გოგი თოფაძის ყოფილ საკუთრებაზე], იქაც ჯარიმა გადავიხადეთ და შემდეგ გავაგრძელეთ სამუშაოები. ნებართვის მიღებამდე გაჩერებულები ვიყავით, აქაც მიწის სამუშაოები იყო მხოლოდ“,– ამტკიცებს ნათელა გოგოლაძე.
იგი თავადვე გვიდასტურებს, რომ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“ და ბორჯომის მერია მშენებლობების ნებართვებს არ აჭიანურებს და დროულად გასცემს.
რაც შეეხება ლაშა გოგოლაძის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ თანხის შეწირვას, ამბობს რომ ეს მათ პრივილეგიას არ ანიჭებს.
ბაკურიანში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში გააქტიურებული მშენებლობების გამო კურორტმა იერსახე დაკარგა. მიუხედავად ამისა, საჯაროდ უკანონო მშენებლობებზე საუბარი არ სურთ.
„არ მომწონს ამდენი მშენებლობა, არც სათიბი დატოვეს, არც ტყე. თავის დროზე, როცა მიწა რიგდებოდა მე არ მომცეს. აქ ვინც იშენებს თბილისელები და პარლამენტის წევრები არიან. ააშენებენ აბა რა იქნება, ხელს რა შეუშლის?!“,–გვითხრა ერთ–ერთმა ადგილობრივმა.
ტყეში დაწყებული მშენებლობები არ მოსწონს ადგილობრივ ლიანა გვარამაძესაც: „მე რომ ამ უბანში გადმოვედი საცხოვრებლად 1991 წელს, სულ სამი სახლი იყო. დამსვენებლები, რომლებიც წლებია დადიან, ამბობენ, რომ ბაკურიანმა იერსახე დაკარგა“,– ამბობს იგი.
კურორტზე უკანონო მშენებლობების და გაცემული ნებართვების შესახებ ინფორმაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან და “ბაკურიანის განვითარების სააგენტოდან” გამოვითხოვეთ, თუმცა უშედეგოდ, მერიამ საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა, სააგენტომ კი მხოლოდ სტატისტიკა მოგვაწოდა. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით „სამხრეთის კარიბჭემ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში საჩივარი შეიტანა.
საიას იურისტის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, ბორჯომის მერიამ საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი დაარღვია. მისივე თქმით, ინფორმაციის დამალვა შესაძლოა მიანიშნებდეს რაიმე კორუფციულ გარიგებებსაც.
„როდესაც საჯარო დაწესებულება ამ დოზის ფარავს და არ ამხელს ინფორმაციას, რომელიც უნდა იყოს საჯარო, რა თქმა უნდა ჩნდება კითხვები. რამდენად სწორად საქმიანობს საზედამხედველო, ასევე ნებართვის გაცემის პროცესში თვითონ მუნიციპალიტეტი. ხომ არ იკვეთება გარკვეული კორუფციული გარიგებები იმ ფონზე, როცა დიდი რაოდენობის მშენებლობები მიმდინარეობს. კარგი იქნება თუ ამ საქმიანობით – მშენებლობის ნებართვის გაცემის და ზედამხედველობის ნაწილში შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან “,– განაცხადა ქეთი ბებიაშვილმა.
„ბაკურიანის განვითარების სააგენტოსგან“ მიღებული ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში კურორტზე 117 სამშენებლო სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათგან 45 დააჯარიმეს. 19 შემთხვევაში მოქალაქემ დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივრა.
ვინ არის პასუხისმგებელი ბაკურიანში ქაოტურ მშენებლობებზე
მენაშენთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის და არქიტექტორის, ირაკლი როსტომაშვილის განმარტებით ბაკურიანში ქაოსურ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოქალაქეებს, მოსამართლეებს და არქიტექტორებსაც ეკისრება. პრობლემა კომპლექსურად არის გადასაჭრელი.
„თავის დროზე ბაკურიანში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, აშენებდა ყველა ვისაც რა და როგორ უნდოდა. ზუსტად ამან გამოიწვია ის პრობლემა, რომ კურორტზე მუდამ საცობია. მე მგონია, რომ ცოტა განუკითხაობისკენ არის წასული სიტუაცია. მოქმედი და წინა ხელისუფლება ერთმანეთს ადანაშაულებს. ანუ ეს არის კომპლექსური პრობლემა და ამ პრობლემას ჰქვია ქართველების მენტალიტეტი – არაკეთილსინდისიერი მერი, არაკეთილსინდისიერი მოსამართლე, არაკეთილსინდისიერი მშენებელი, მეზობლები, რომლებიც ფულს აიღებენ და მერე ჩუმდებიან“,– ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
ურბანისტი ირაკლი ჟვანია, კურორტში არსებულ პრობლემებზე ჯერ კიდევ 2019 წელს წერდა – „ეს ბაკურიანი გახეთქვამდე რომ არის მისული დაუფიქრებელი მშენებლობებით, მის ირგვლივ შესანიშნავი სოფლები საერთოდ მიგდებულია – მიტარბი, ციხისჯვარი, ანდეზიტი, ტბა, ლიბანი, ცემი, წაღვერი… ბაკურიანის ასე გატენვას ჯობდა ამ სოფლებში გადანაწილებულიყო დატვირთვა და აწყობილიყო გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა მოდერნიზებული კუკუშკით, ავტობუსებით, „შატლებით“, მარხილებით… მაგრამ არ გვიყვარს ჩვენ ფიქრი, შორს გახედვა, დაგეგმვა და მომავალზე ზრუნვა. დღეს გვინდა ყველაფერი და მარტო ჩვენთვის. ხოდა აგერ ბატონო დაარეგულირა ბაზარმა“.
ბაკურიანში ქაოსურ მშენებლობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა.
„დაბა ბაკურიანს ფაქტობრივად არ გააჩნია ხედვა, რა ტიპის დასახლება უნდა იყოს ტურისტული თვალსაზრისით. როგორ უნდა მოემსახუროს იქ ჩასულ ვიზიტორებს. მსგავს გეგმასა და ხედვაზე არ მუშაობს ხელისუფლების პირველი პირები. მათ მხოლოდ პირად კომფორტი აინტერესებთ. სამართალს ვერ მიაღწევ ვერ სასამართლოს გზით, რადგან მთლიანად სასამართლო არის მურუსიძის ხელში, მურუსიძე კი ბიძინა ივანიშვილის ხელში“,–აცხადებს ფარულავა.
ცნობისთვის, ქრთამის სანაცვლოდ, ბაკურიანში მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მფარველობისთვის ბორჯომის მერი, ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი 2020 წლის 28 თებერვალს დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი.
ლევან ლიპარტიამ კი ამავე მეწარმეს უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც 8000 ლარი მიიღო.
ორივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7–7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, საიდანაც ორ წელს საპატიმრო დაწესებულებაში გაატარებდნენ, ხუთი წელი კი პირობითი მსჯავრი ექნებოდათ. ორივეს ჯარიმის სახით 5–5 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ. თუმცა ყოფილმა მერმა საპატიმრო რამდენიმე თვით ადრე დატოვა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში ლევან ლიპარტიას, პირველი მოადგილე ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ზაალიშვილი იყო, ხოლო გოგიჩაიშვილის მოადგილე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, მოქმედი მერი ოთარ არბოლიშვილი.
ყოფილი პარლამენტარის უნებართვო მშენებლობა ბორჯომში
„ქართული ოცნების“ შემწირველმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ლერი ხაბელოვმა, რომელიც ამჟამად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია, ბორჯომის ცენტრალურ სტადიონთან, რუსთაველის N101–ში, 6–სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ნებართვის გარეშე 2022 წელის მეორე ნახევარში დაიწყო.
აღნიშნულ მისამართზე, ბორჯომის ცენტრში, ცენტრალური სტადიონის გვერდით ლერი ხაბელოვი 4 007 კვმ–ს ფლობს. აქედან 96.2% სახელმწიფო ქონების პრივატიზების გზით მიიღო.
უფრო ზუსტად: ლერი ხაბელოვის შპს „სამკურნალო-სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექს ოლიმპს“, (რომელსაც სხვადასხვა დროს მისი და ინგა ხაბელოვიც ფლობდა), 2016 წელს სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის წესით, 50 000 ლარად, 2 301 კვმ. ფართობი გადასცა, აქედან 1 801 კვმ. საცურაო აუზს ეკავა. მოგვიანებით, 2019 წელს, ხაბელოვებმა ამავე მისამართზე 150 კვმ. ფართობი კერძო პირისგან შეისყიდეს. ბოლოს, 2022 წლის ნოემბერში კი 1 556 კვმ. ლერი ხაბელოვმა ელექტრონული აუქციონით 95 000 ლარად იყიდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოფილ დეპუტატს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 64 980 ლარი აქვს შეწირული.
6–სართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამჟამად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. „სამხრეთის კარიბჭე“ ობიექტზე სამჯერ, სხვადასხვა პერიოდში იმყოფებოდა, თუმცა მეპატრონესთან შეხვედრა ვერ მოახერხა.
რატომ დაიწყო მშენებლობა ნებართვის მიღებამდე, ამის გასარკვევად ლერი ხაბელოვს დავუკავშირდით, თუმცა კომენტარზე უარი განაცხადა: „ტელეფონით ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი ვინ რეკავთ, ვინ ხართ კარგად ბრძანდებოდეთ“.
ჩვენთან საუბარზე უარი თქვა, სამშენებლო ობიექტზე მყოფმა ერთ–ერთმა პირმაც, რომელიც საცურაო აუზი „ოლიმპის“ დირექტორად გაგვეცნო.
ობიექტზე არც საინფორმაციო დაფაა განთავსებული, საიდანაც მშენებლობის შესახებ მცირე ინფორმაციის მიღებას მაინც შევძლებდით: „იყო დაფა და ორი დღის წინ ჩამოვხსენით“, – ამბობს აუზის დირექტორი. ჩვენ ტერიტორიაზე ორი დღით ადრეც ვიმყოფებოდით, მაგრამ დაფა არც მაშინ იყო გამოკრული.
ბორჯომის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ “ლერი ხაბელოვი დაჯარიმებულია და ამ დროის მონაცემებით მშენებლობის ნებართვაც აქვს”, თუმცა რამდენი ლარით დაჯარიმდა ყოფილი პარლამენტარი და როდის მიიღო ნებართვა, ამ კითხვებზე არ გვპასუხობენ. თვითმმართველობას წერილობით 2024 წლის 22 იანვარს მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
მერიამ მხოლოდ ის მოგვწერა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ნებართვების შესახებ ინფორმაცია maps.municipal.gov.ge–ზე შეგვიძლია გადავამოწმოთ, თუმცა ხაბელოვის სასტუმროსთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი არც აქ არ იძებნება.
რაზე ხუჭავს თვალს ბორჯომის მერია
ლერი ხაბელოვის დამ საცურაო აუზი „ოლიმპი“ სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის წესით 2016 წლის ივნისში გაიფორმა. სამ თვეში ლერი ხაბელოვი, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ პარტიული სიით შევიდა.
2018–2019 წლების აუდიტის დასკვნაშია ნათქვამია, რომ შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, ბორჯომელ მოსწავლეებს აუზით კვირაში არანაკლებ სამი დღე, 10 წლის განმავლობაში უფასოდ უნდა ესარგებლათ, რაც არ მომხდარა. „ოცნების“ ყოფილი პარლამენტარი სპორტულ კომპლექსს მხოლოდ კომერციული მიზნით იყენებს.
„დოკუმენტების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ორგანიზაცია არსებულ პირობას არ ასრულებდა აუზის გახსნის დღიდან…მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მერიამ მთავრობას არ შეატყობინა მიმწოდებლის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოდან პერიოდულად ეგზავნება წერილები, ბორჯომის ტერიტორიაზე სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტორების მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით. რაც შეეხება „ოლიმპისთვის“ გადაცემულ საცურაო აუზს, მსგავსი მოთხოვნა მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ერთხელ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო წერილი არ გაგზავნილა, საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს განმეორებით აღარ მიუმართავს მერიისთვის“,– ვკითხულობთ დასკვნაში.
ბორჯომის საკრებულოს ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი გიუაშვილის თქმით, მსგავსი ქმედებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირებს ხელს აფარებს. ხაბელოვი კი ერთ–ერთი მათგანია.
„წლების განმავლობაში სასტუმროს უკან მდებარე ფართს უკანონოდ იყენებდა, შემოღობილი აქვს. მე რომ რამე შემოვღობო უკანონოდ ვინ რას მაპატიებს?! ხალხს საკუთარი სახლებიდან ასახლებენ, ამას აქვს ყველაფერი გადაკეტილი შემოღობილი, აშენებს. ეგაა ზუსტად ოლიგარქობა, სხვა კი არაფერი. ბორჯომის შუაგულის ოკუპაციას ახდენს ჩვეულებრივად ჩალის ფასად. რაშიც ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობა“, – ამბობს გიორგი გიუაშვილი.
დანაშაულის ნიშნები ბორჯომის მერიის საქმიანობაში
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე საუბარია აუდიტის ანგარიშშიც. სახელმწიფო უწყებამ თვითმმართველობის 2021-2022 წლების მუშაობა შეისწავლა და განმარტა, რომ მერიის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის არსებული სისტემა გაუმართავია, რაც ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების დროულ გამოვლენას. სუსტია აღკვეთის პროცესის კონტროლის მექანიზმებიც.
„მერიამ გამოავლინა უნებართვო მშენებლობის 53 შემთხვევა და შესაბამისი პირები დააჯარიმა ობიექტის სამუშაოების დასრულების ეტაპზე, ან როდესაც სამშენებლო სამუშაო დასრულებული იყო და ობიექტი ფუნქციონირებდა. მუნიციპალიტეტი საჭირო ინტენსივობით არ ატარებდა მიმდინარე მშენებლობების მონიტორინგს. შედეგად, უნებართვო მშენებლობის ფაქტები, მერიამ დაგვიანებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ ვერ გამოავლინა და არ განახორციელა სათანადო რეაგირება მშენებლობის შეჩერების მიზნით“,–ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში უნებართვო მშენებლობისთვის ორი წლის განმავლობაში გამოვლენილი და დაჯარიმებულია 102 პირი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აუდიტმა უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემა 2018–2019 წლის ანგარიშიც ასახა. მერიამ აუდიტორების რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, შედეგად იგივე პრობლემები გამოვლინდა 2021–2022 წლების საქმიანობაშიც.
როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, ბორჯომის მერიის საქმიანობაში დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, პროკურატურას მიმართეს.
ცნობისთვის, 2020 წელს, ბორჯომში მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტზე, ბორჯომის მერიის და საკრებულოს პირველი პირები დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი გოგიჩაიშვილმა განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი.
რაც შეეხება მერს, ლევან ლიპარტიას, მან დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში ლევან ლიპარტიას, პირველი მოადგილე ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ზაალიშვილი იყო, ხოლო გოგიჩაიშვილის მოადგილე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, მოქმედი მერი ოთარ არბოლიშვილი.
სამშენებლო ამნისტია – წინასაარჩევნო გათვლა თუ პრობლემის მოგვარების გზა
სამშენებლო ამნისტიაზე ხელისუფლებამ პირველად 2023 წლის 20 ნოემბერს დაიწყო საუბარი.
როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ამნისტია გავრცელდება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნებართვის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ შენობა-ნაგებობაზე.
„ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მასობრივად არის აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომელზეც არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა ან არ არსებობს სამშენებლო დოკუმენტაცია… ასეთ სახლებში მცხოვრებ პირებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა და მათ აღარ ექნებათ დაჯარიმების ანდა დემონტაჟის რისკი, ისინი სრულად ისარგებლებენ საკუთრების უფლებით, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლების რეალიზების კიდევ ერთი ნათელი დასტური იქნება. ეს ინიციატივა არის არამხოლოდ ამნისტია, არამედ ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემას. ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ დასრულდება ყველა ის სირთულე, რაც თან ახლავს უკანონო მშენებლობებს და 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში ნებისმიერი ინდივიდუალური სახლი აშენდება კანონიერად“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა, აღნიშნულ ინიციატივას „საარჩევნოდ ამუშავებენ მანქანას“ უწოდებს, მისი თქმით, ამინისტია უკანონო მშენებლობების პრობლმას ვერ მოაგვარებს:
„ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო ედავება აბსოლუტურად სამართლიანად, გამოიყენებენ 2024 წელს დაგეგმილ არჩევნებზე. ყველაფერს აკეთებენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის ძალაუფლება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს, მათ საარჩევნო ყულაბაში აღმოჩნდეს. ჩვენ ცხადია ამ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ვუზიარებთ“,– ამბობს ლაშა ფარულავა.
საიას იურისტი, ქეთი ბებიაშვილი იმ საფრთხეებზე საუბროს, რაც შეიძლება ამნისტიის შემდეგ მივიღოთ.
„მიმდინარე წელი არის საარჩევნო წელი, ძალიან ბევრი “მსგავსი სიახლეები” იქნება ალბათ ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერი, სამართლიანი და პასუხობდეს ადამიანის უფლებებს. წარმოდგენილ შემთხვევაში, ინიციატივა, რამდენად უპასუხებს ადამიანის უფლებას, რომ იცხოვროს უსაფრთხო გარემოში და უსაფრთხო საცხოვრებელ სახლში, ეს საკითხი ძალიან კრიტიკულად დგას, რადგან ნებისმიერი უკანონო მშენებლობის უკან არის დარღვეული ნორმები, ამ დარღვეულ ნორმებთან ამნისტია რამდენად არის მიზანშეწონილი საკითხავია. თუ ასეთი შენობა–ნაგებობების ამნისტიაც მოხდა, ჩვენ შეიძლება მივიღოთ “მკვლელი შენობები”. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს, აუცილებლად უნდა იყოს გამორიცხული „მკვლელი შენობები“. ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს და არავითარ შემთხვევაში ფიზიკურ პირს არ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა უკანონო მშენებლობაზე“,– თქვა მან.
„სამხრეთის კარიბჭემ“ ბორჯომის და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიების წინააღმდეგ, ბაკურიანის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლტა დაცვის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. ოთხივე სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
საქმის განხილვა ასპინძის მერიასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია.
ოთხივე შემთხვევაში, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ხუთი წლის სტატისტიკას ვითხოვდით, თუმცა არ მოგვაწოდეს (ასპინძამ მხოლოდ ნაწილობრივ).