ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ფასები მკვეთრად დაეცა, რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. დაძაბული პოლიტიკური ვითარება ჩვენს ქვეყანაში თავის ნეგატიურ შედეგებს ავლენს.
ლარის გაუფასურების მაჩვენებლები რამდენიმე წუთში იცვლება. ამ დროისთვის ლარი დოლართან მიმართებაში 4.57 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 5.7 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2,73 ლარი, ხოლო ევროს ღირებულება 2,96 ლარი გახდა. 15 მაისს ყიდვა-გაყიდვის შედეგად ლარი 40-ზე მეტ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.
Jnews-ი ესაუბრა ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ლევან ნატროშვილს, რომელიც შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური შოკი, რომელიც ჯერ კიდევ ხანმოკლეა, პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ დაძაბულობასთან და უკვე მიღებული კანონი გუშინდელი დღიდან ავლენს შედეგებს.
„ძირითადად, ეს მაშინ ხდება, როცა რომელიმე ქვეყანაში ცუდი მოვლენები ხდება. რისკები იზრდება, მოსახლეობაში პანიკა ვრცელდება. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში საქართველოს მიმართ სანქციები გავრცელდეს, რისი ერთ-ერთი შედეგიც იქნება ის, რომ ბევრი ეცდება ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის გაწყვეტას. რა თქმა უნდა, ეს არის კლასიკური შემთხვევა, რომელიც ხდება ნებისმიერ სახელმწიფოში, სადაც ასეთი პოლიტიკური ცვლილებები ხდება“.
ჩვენს კითხვაზე, რა ნაბიჯებმა შეიძლება შეუწყოს ხელი იმას, რომ მოკლევადიან შოკებს არ მოჰყვეს გრძელვადიანი და ფუნდამენტურად ნეგატიური ცვლილებები, ნატროშვილი გვპასუხობს, რომ ამისთვის აუცილებელია, რომ ჩართულმა მხარეებმა აღარ იგრძნონ საფრთხე, რომელიც ამჟამად არსებობს, საუბარია კანონის გაუქმებაზე და ავროპული ინტეგრაციის პროცესის დაბრუნება. მისივე შეფასებით, ამ დროისთვის ყველაფერი მთავრობაზეა დამოკიდებული, რამდენად ზუსტად შეძლებს თავისი ნაბიჯების შესრულებას და ბაზრის რყევების სტაბილიზაციას.
„ამ კანონის მიღება ყველას ეხება. ამ მომენტში მთავარ დარტყმას ვგრძნობთ ლარის გაუფასურებისა და აქციების დაცემის სახით, მაგრამ მომავალში შეიძლება იყოს უფრო სერიოზული დარტყმები, მაგალითად, კაპიტალის გატანა ქვეყნიდან, უცხოური ინვესტიციების შემცირება და ა.შ., ხოლო საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ასეთი კრიზისის მარტივად გადალახვა და გადარჩენა“.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის“ მესამე მოსმენით მიღებას და მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს კანონის გაუქმებისაკენ.
14 მაისს, მიუხედავად „საგარეო აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მასობრივი პროტესტისა, ასევე პარტნიორი ქვეყნების კრიტიკისა და მოწოდებისა, უარი ეთქვათ ამ კანონის შესახებ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოელი აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა პარლამენტს შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს უმრავლესობით ამჯობინოს.