11-12 მაისს №3 საჯარო სკოლაში, სადაც ქორეოგრაფიული ანსამბლი „მურჯი“ ვარჯიშობს, სომხური ხალხური ცეკვის მასტერკლასი გაიმართება. მასტერკლასში მონაწილეობა უფასოა, მას ჩაატარებს არტურ გრიგორიანი.

ახალქალაქში სომხური ხალხური ცეკვის მასტერკლასები გაიმართება, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის ქორეოგრაფიული ხელოვნების საერთაშორისო და ეროვნული საბჭოს წევრი, ხელოვნებისა და კულტურის სამინისტროს ოქროს მედლის მფლობელი, პროფესიონალი ქორეოგრაფი, მოცეკვავე, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და ანსამბლ „ნაზანის” სამხატვრო ხელმძღვანელი არტურ გრიგორიანი ჩაატარებს.

2 დღიანი მასტერკლასი ჩატარდება ილია ჭავჭავაძის N3 საჯარო სკოლაში, სპორტდარბაზში. გაკვეთილის პირველი დღე, რომელიც ჩატარდება 11 მაისს, დაიწყება 14:00 საათზე, მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ხოლო 12 მაისს, მასტერკლასი დაიწყება 12:00 საათზე, მაგრამ ის ჩატარდება მხოლოდ ანსამბლ „მურჯისთვის”.

მონაწილეობის მსურველმა მოცეკვავეებმა და ქორეოგრაფებმა წინასწარ მიმართონ ანსამბლ „მურჯს”, ნომერზე 598277353.

კვირას მასტერკლასის მონაწილეებს ახალქალაქის მერიისგან სერთიფიკატები გადაეცემათ.