ფსიქოლოგიური დახმარება ყველას სჭირდება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ ადამიანებს ყოველთვის არ შეუძლიათ დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართონ, მიზეზები განსხვავებულია, ეს შეიძლება იყოს სპეციალისტების ნაკლებობა, სტერეოტიპები, შიში ან სხვა. ზემოაღნიშნული თითქმის ყველა მიზეზი ახალქალაქში არსებობს, რის გამოც, ძალიან ხშირად, დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, ახალგაზრდები არ ირჩევენ ფსიქოლოგის პროფესიას.

Jnews-ი ესაუბრა მომავალ ფსიქოლოგ ანა სესაძეს და წლევანდელ კურსდამთავრებულ ვარდუჰი მანუკიანს, რომელმაც ასევე გადაწყვიტა ფსიქოლოგი გამხდარიყო.

ახალქალაქელი ანა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია, მომავალი ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიით დაინტერესება მე-9 კლასიდან დაიწყო, როცა გაკვეთილზე მათ პროფესიული როლები დაურიგეს, ანამ კი ფსიქოლოგის როლი მიიღო. იმდენად დაინტერესდა და მოიხიბლა, რომ ფსიქოლოგის პროფესია აირჩია.

„ახლა ბოლო სემესტრში ვარ, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით, ნეიროფსიქოლოგიის განყოფილებაში. ჩემი აზრით, დასაქმებისა და კარიერული წინსვლის კუთხით თბილისში დარჩენა უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე ახალქალაქში დაბრუნება. რა თქმა უნდა, თუ გინდა, იქაც შეგიძლია სამუშაოს პოვნა, მაგრამ თბილისში უფრო მეტი შესაძლებლობაა“.

ახალქალაქში და არა მარტო ახალქალაქში, არსებობს სტერეოტიპი, რომ თუ ფსიქოლოგიაზე ისწავლი, თერაპიით შეგიძლია დაკავდე. ანა ამბობს, რომ ეს დიდი, გავრცელებული შეცდომაა. და ასეთი დეზინფორმაცია ძალიან ხშირია, მაგალითად, ადამიანები ხშირად ურევენ ფსიქოლოგიას ფსიქიატრიაში ან ფიქრობენ, რომ თუ ადამიანი ფსიქოლოგია, ყველასთან შეუძლია მუშაობა.

„დიდ პასიურობას ვგრძნობ ფსიქოლოგიის სპეციალობით ახალგაზრდების მხრიდან.  ახალქალაქში ჩემს ნაცნობებს შორის არ არის ამ პროფესიის სწავლის მსურველი, ძირითადად ირჩევენ ეკონომიკას, სამართალს და ა.შ.  ჩემი რჩევაა, არ შეგეშინდეთ, არ დაემორჩილოთ სტერეოტიპებს, რადგან ფსიქოლოგია ის სფეროა, რომელიც ყველგან საჭიროა, რადგან ადამიანის ყოველი ნაბიჯი ფსიქოლოგიაა“.

18 წლის ვარდუჰი მანუკიანი ახალქალაქის რაიონის სოფელ ორჯადანაა.  სწავლობდა სოფლის სკოლაში, შემდეგ გადაწყვიტა სწავლა თბილისში გაეგრძელებინა ფსიქოლოგიის განხრით.  ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რადგან, მისი თქმით, ფსიქოლოგის დახმარება ბევრ ადამიანს სჭირდება, სპეციალისტები კი ცოტაა.

„ჩემს ირგვლივ ბევრმა თქვა, რომ შემიძლია გავხდე კარგი ფსიქოლოგი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მე თვითონ მივიღე და ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია სხვადასხვა სტერეოტიპების აღმოფხვრა, ხალხამდე მიტანა, რომ არაფერია სამარცხვინო ფსიქოლოგთან მისვლაში.  ჩემი გამოცდილებითაც უნდა დავამტკიცო, რომ ამ პროფესიით მუშაობა ჩვენს მხარეშიც არის შესაძლებელი“.

თავის კომენტარში ვარდუჰი აღნიშნავს, რომ მის გარემოცვაში ბევრს ესაჭიროება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, მაგრამ სპეციალისტის არარსებობის გამო, მათი პრობლემები გადაუჭრელი რჩება.

„მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათი დახმარება, მოსმენა. ფსიქოლოგის პროფესია მაძლევს ასეთ შესაძლებლობას, რისი წყალობითაც ბევრ ადამიანს შემიძლია დავეხმარო“.

ლიდა ალმასიანი