ქალაქ ახალქალაქის შესასვლელთან ქუჩების განათების ბოძების დამონტაჟებაზე მუშაობა უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე სულ 79 განათების ბოძი დამონტაჟდება.

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე გარე განათების ნათურების დამონტაჟებაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც გამარჯვებული ინდმეწარმე ზებურ აბულაძე გახდა, 166 665,99 ლარის ოდენობით.

1

სამუშაოები ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილიდან, „ახალქალაქის“ ნიშანთან (ახალქალაქიდან ახალციხისკენ მიმავალი გზიდან) დაიწყო და სოფელ ჩუნჩხას გზაჯვარედინამდე მივა.

„როგორც ნახეთ, სამუშაოები უკვე დაწყებულია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ განათების მონტაჟი „ახალქალაქის“ ნიშნიდან და ჩუნჩხას გზაჯვარედინამდე მივალთ, რომლის ქვემოთ არის ხიდი, ამ ხიდს გავივლით, ამგვარად, კარწახის გზასთან გამოდის”, – ამბობს ინდმეწარმე ზებურ აბულაძე.

2

სამუშაოების დასრულება 15 მაისისთვის იგეგმება. როგორც ზებურმა აღნიშნა, აღდგომის დღესასწაულზე თანამშრომლები რამდენიმე დღით შვებულებაში გავლენ, რის შემდეგაც მუშაობას გააგრძელებენ. მუშებიდან ორი ადგილობრივი მცხოვრებია, ორი – არა.

3

ძველ განათებას, რომელმაც ქალაქის შესასვლელის საერთო იერსახე გააფუჭა, ინდმეწარმე ზებურ აბულაძე მოხსნის. თუმცა, დემონტაჟის სამუშაოები დაიწყება ამ ბოძების ელექტროსადენებისგან გათავისუფლების შემდეგ.

„ამ ბოძებზე არის როგორც ინტერნეტის ხაზები, ასევე საპატრულო პოლიციის კამერების მავთულები, როცა ეს მავთულები ახალ ბოძებზე გადავა, დემონტაჟის სამუშაოებს დავიწყებ“, – დაამატა ზებურ აბულაძემ.