რაზე იხარჯება უფრო მეტი თანხა, სოციალური პაკეტიდან რომელი პუნქტები აღმოჩნდა წლის ბოლოს დიდი ნაშთით, ამის შესახებ Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშიდან შეიტყო.
ახალქალაქის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომისიამ akhalkalaki.gov.ge ვებგვერდზე 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში 2023 წლის 10 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სოციალურ პაკეტზე 1 530 000 ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 1 019 534 ლარი სხვადასხვა პუნქტებზე დაიხარჯა, ნაშთად კი დარჩა 510 466 ლარი.
მუნიციპალიტეტმა ყველაზე მეტი თანხა გამოყო შშმ ბავშვების, ონკოლოგიური და თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვების გადაუდებელი ოპერაციების, გამოკვლევებისა და სამედიცინო დახმარებისთვის, მათ შორის ახალქალაქის საავადმყოფოსთან მემორანდუმის ფარგლებში – 575 000 ლარი, საიდანაც დაიხარჯა 353 449 ლარი.
ყველაზე მეტი თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მრავალშვილიან ოჯახებს, სხვადასხვა ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ობლებს და 100 წელიწადზე უფროს პირებს, იძულებით მიგრანტებს ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე 458 050 ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის მიერ სულ გამოყოფილი იყო 566 000 ლარი.
ახალშობილთა ოჯახებისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წელს 200 000 ლარი გამოყო, საიდანაც მხოლოდ 102 250 ლარი დაიხარჯა, ამ კატეგორიის ნაშთი 97 750 ლარს შეადგენს.
„ომში სამშობლოს დასაცავად დაღუპული, იძულებით დევნილები, დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვისთვის“ კატეგორიის თანხა არ დაიხარჯა. გამოყოფილი თანხა 2000 ლარი იყო.
მუნიციპალიტეტმა სოციალური პროგრამისთვის 57 000 ლარი გამოყო მუსიკალურ და სამხატვრო სკოლებში მოსწავლეების მომზადებისთვის, ასევე საბაკალავრო პროგრამაზე გადამზადებისთვის, საიდანაც მხოლოდ 23 530 ლარი დაიხარჯა, ნაშთი 33 470 ლარს შეადგენს.
ყველაზე ნაკლები მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად სოციალურ დახმარებაზე 30 000 ლარიდან 8700 ლარი დახარჯა.
მუნიციპალიტეტმა 100 000 ლარი გამოყო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მოწყვლადი ჯგუფების მედიკამენტების კატეგორიისთვის“, დახარჯა 73 555 ლარი, დარჩა 26 445 ლარი.