ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის თესვის სეზონი დაიწყო. ზოგიერთმა ფერმერმა, გასული წლის მოსავლის წარუმატებელი გაყიდვის გამო, წელს კარტოფილის მინდვრების ფართობი შეამცირა.

სოფელ მურჯახეთიდან ბაბაჯანიან ენოკმა კარტოფილის მინდვრები 1 ჰექტარით შეამცირა.

„ყოველ წელს 5 ჰექტარი კარტოფილს ვთესავდი, წელს 4 ჰექტარამდე შევამცირე. საშუალო და წვრილი კარტოფილის გაყიდვა ვერ შევძელი. 10-20 თეთრად ვყიდი, არ ყიდულობენ. 1 კგ კარტოფილი დაახლოებით 48 თეთრი დამიჯდა. ზოგადად ყველგან ნაკლები კარტოფილის თესვა დაიწყეს, რადგან ახალი კარტოფილის ფასიც დაბალია. მინდვრები რომ არ დარჩეს ცარიელი“, – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.

მისივე თქმით, მურჯახეთში ბევრმა კარტოფილის მინდვრები შეამცირა და მარცვლეული კულტურები გააშენა. ხოლო ვინც იჯარით აიღო მიწა, აღარ ქირაობს.

ერთ-ერთი მათგანია რიტა ინასარიძე სოფელ მურჯახეთიდან.
„ყოველწლიურად ბევრ კარტოფილს ვთესავდით, წელს 5 ჰექტარი. მიწებს იჯარით ვიღებდით, მაგრამ წელს დავუბრუნეთ. წელს მსხვილი 60-70 თეთრად გავყიდეთ, დანარჩენი დარჩა”,- თქვა რიტა ინასარიძემ.

სოფელ დილისკადან არშაკ გოგორიანს 80 ტონა გაუყიდავი სათესლე კარტოფილი დარჩა.

„კარტოფილის სათესლე ბევრი მაქვს, მაგრამ მაინც შევამცირე კარტოფილის მინდვრები. ვფიქრობ, გადავყრი. შარშან 24 ჰექტარი მქონდა დათესილი, წელს 14 ჰექტარი”,- ამბობს არშაკ გოგორიანი.

მისი თქმით, სოფელ დილისკაში ბევრმა კარტოფილის მიმდვრები შეამცირა.

სოფელ კოკიოში კარტოფილის ალტერნატივად სუნელი (ლურჯი ფანტელი) ჩათვალეს. ვოსკანიან სუსანმა კარტოფილის მინდვრების ხარჯზე სუნელის მინდვრები გააფართოვა. ბოლო წლებში სულ სუნელს თესავდა, მაგრამ წელს ბევრად მეტს დათესავს.

„მე 3 ტონა მსხვილი კარტოფილი და ამდენივე სათესლე მაქვს, დავიღალეთ, წელს სულ რაღაც 60 მეასედზე დავთესე. ხოლო სუნელს 30 მეასედზე დავთესავ, სუნელის ფასი კილოგრამზე 80 ლარია. მართალია სუნელი მუშავდება ხელით, შრომატევადი სამუშაოა, მაგრამ ფასი კარგია“, – ამბობს სუსანა ვოსკანიანი.

კარტოფილის მინდვრები სოფელ ოლავერდიდან ჰოვიკ გილოიანმაც შეამცირა.
„სოფელში ბევრი სათესლე კარტოფილია, 18-20 ტონა სათესლე კარტოფილი მაქვს გასაყიდი. კარტოფილის მინდვრები შევამცირე. რატომ დავთესო, ვიმუშაო და მერე ნაგავში გადავყარო“, – ამბობს ჰოვიკ გილოიანი.

2023 წელს კარტოფილი 10 918 ჰექტარზე დაითესა და 223 148 ​​ტონა იქნა მიღებული. 2023 წელს კარტოფილის მინდვრების ფართობი 2022 წელთან შედარებით გაიზარდა. 2022 წელს 10 775 ჰექტარი მიწა დაითესა და 169120 ტ. იქნა მიღებული. მონაცემები, თუ როგორ შეიცვლება ეს სტატისტიკა 2024 წელს, წლის ბოლოს, ანუ 2025 წლის დასაწყისში იქნება შეგროვებული.