ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება დასასრულს უახლოვდება. რეალიზაცია პრობლემა არ არის, მაგრამ კარტოფილის ფასი სოფლისა და ზომის მიხედვით 1 ლარიდან 1,7 ლარამდე მერყეობს. მუნიციპალიტეტში საშუალო მოსავლიანობა, ფერმერების აზრით, შარშანდელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილს ერთეულებიღა კრეფენ. გლეხების უმრავლესობამ ჯავახეთის მთავარი ბოსტნეული უკვე მოკრიფა. კარტოფილის მოსავლიანობა ჯერ შეჯამებული არ არის, მაგრამ მისი სიმცირე თვალსაჩინოა, ფერმერები კი უკმაყოფილონი არიან. დაბალმოსავლიანობის მიზეზად არახელსაყრელ ამინდი (წვიმების ნაკლებობა) სახელდება.
ფერმერებმა ყინვისა და სიცივის შიშით მოსავლის აღება ადრე დაიწყეს, შესაბამისად მოსავლიანობა მაღალი არ იყო. ეს პროცესიც მოსალოდნელზე ადრე დაასრულეს.
კარტოფილს შარშანდელთან შედარებით მაღალი ფასი აქვს. მოსავლის აღების დაწყებისას 1 კგ კარტოფილზე ფასი 60 თეთრიდან 80 თეთრამდე მერყეობდა, ახლა კი 1 კგ კარტოფილი 1 ლარიდან 1,70 თეთრამდე ღირს, ზომისა და მდებარეობიდან გამომდინარე.
სოფელ ხანდოდან სარგის მელიქიანმა წვრილი კარტოფილი 1,40 ლარად გაყიდა. მისი თქმით, რადგან წელს მსხვილი კარტოფილი ცოტაა, საშუალო და წვრილიც კარგად იყიდება.
„მოსავლის აღება უკვე ყველამ დაასრულა, ჩვენს სოფელში 3 ადამიანს ერთი დღის სამუშაო დარჩა. მსხვილ ფერმერებს საშუალოზე ოდნავ მაღალი მოსავალი აქვთ. ვისაც სესხი ან სხვა ხარჯი აქვს, ყიდის, დანარჩენები კი გაზაფხულისთვის იტოვებენ“, – განმარტავს ხანდოს ტერიტორიული ოლქის საკრებულოს დეპუტატი მელიქიან სარგისი.
მოსავლის აღება მაღალმთიან და შორეულ სოფლებში, მერენიასა და სამსარშიც დასრულდა. ამ სოფლებში მოსავლის აღებას ჩვეულებრივ ცოტა გვიან იწყებენ, თუმცა ახლა სამუშაო უკვე დაასრულეს. მოსავლითა და ფასებით კმაყოფილნი არ არიან.
„1 კგ-ს 1,10-1,20 ლარად ყიდულობენ, რაც იაფია, ხოლო მყიდველი ცოტაა. ხალხი სოფელში მთავარი გზიდან ხვდება, როდესაც ბარალეთში მიდიან. მოსავლიანობა შარშანდელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. სასუქის, მომსახურების, პესტიციდების და სხვა პროდუქტების გაძვირების გათვალისწინებით, დღევანდელი 1.20 ლარი შარშანდელ 60 თეთრს უდრის. დიზელის საწვავი გაძვირდა, ხალხი უკვე იშვიათად რწყავს“, – აცხადებს სოფელ მერენიას სპეციალისტი ვოლოდია გუშჩიანი.
ფერმერები ხარჯს იშვიათად ითვლიან. ფასს საერთო გაძვირების, მყიდველის ნათქვამის მიხედვით ადგენენ.
სოფელ მურჯახეთიდან ენოკ ბაბაჯანიანი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, რომელმაც თავისი მოსავლის ღირებულება დაადგინა და გამოთვლებით მოგებაც ნახა. მისივე თქმით, ვისაც მორწყვის შესაძლებლობა ჰქონდა, შედარებით კარგი მოსავალი მიიღო, ვინც ვერ მორწყა – ცუდი. თუმცა ენოკ ბაბაჯანიანი რეგიონში საერთო დაბალ მოსავლიანობას ეთანხმება.
„კარტოფილის საშუალო მოსავალი 1 ჰა-დან 30 ტონაა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც 10, 11 ტონა აქვთ. ფასი 1,40-დან 1,50 ლარამდე მერყეობს, რაც კარგი ფასია, რადგან თვითღირებულებას ფარავს და სარგებელსაც ვიღებთ. ახლა 1 კგ კარტოფილის თვითღირებულებამ 70 თეთრს მიაღწია, მაგრამ ეს ფერმერზეც არის დამოკიდებული“, – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.
ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორის მახარ მაცუკატოვის თქმით, ღირებულება იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ რამდენი დახარჯა.
„საშუალო ფასი 1,50 ლარია და მყიდველებიც არიან. ზოგი ფარავს ხარჯს, ზოგი – ვერა. წელს ძირითადად დაბალი მოსავლიანობაა და შეიძლება კარტოფილის დეფიციტიც იყოს, რაც ფასს გაზრდის. სხვა რეგიონებშიც ცუდი მოსავალია და ომის გამო იმპორტიც რთულდება“, – განმარტავს მახარე მაცუკატოვი.