ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღი 26 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით დაიკეტება. კარანტინის მთავარი მიზეზი ჩუტყვავილასა და სეზონური მწვავე რესპირატორული ინფექციების გავრცელების პრევენციაა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები საერთო დაავადებების გამოსავლენად ყველა საბავშვო ბაღს ესტუმრნენ.
„ჩვენმა თანამშრომლებმა გუშინ ყველა საბავშვო ბაღი მოინახულეს, გაეცნენ არსებულ ვითარებას და, შესაბამისად, გადავწყვიტეთ ყველა საბავშვო ბაღის დაკეტვა რამდენიმე დღით“, – თქვა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა სირანუშ ტონაკანიანმა.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ჩუტყვავილა და სეზონური მწვავე რესპირატორული ინფექციების შემთხვევები. ჩუტყვავილას შემთხვევები მხოლოდ ქალაქ ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში დაფიქსირდა. კარწახის საბავშვო ბაღში გამოვლინდა ალერგიის შემთხვევები.
სხვა საბავშვო ბაღებში კი მწვავე რესპირატორული ინფექციით დაავადებული ბევრი ბავშვი იყო. სირანუშ ტონაკანიანი აღნიშნავს, რომ ყოველთვის მოუწოდებენ მშობლებს, ავადმყოფი ბავშვები ბაღში არ ატარონ, რეალურად კი სხვა რამ ხდება.
„ბავშვები საბავშვო ბაღში სხედან, ერთი ახველებს, მეორეს ცხვირიდან სდის. მშობლებს ყოველთვის ვეუბნებით, რომ ავადმყოფი ბავშვები საბავშვო ბაღში არ ატარონ, რადგან სხვა ბავშვებს აინფიცირებენ. ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობა ხუთ დღეში გამოსწორდება“, – დაამატა სირანუშმა.
იმ პერიოდში, როდესაც ბავშვები საბავშვო ბაღში არ დადიან, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 17 საბავშვო ბაღი, საიდანაც 2 ალტერნატიულია, ანუ მუშაობს ნახევარ განაკვეთზე და კვების გარეშე.