დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ Jnews-თან ინტევრიუში განაცხადა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის მცხოვრები, რომელიც კარანტინის შემდეგ ხელმეორე გამოკვლევაზე წაიყვანეს და, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა გადატანილი, ამ ეტაპზე გადამდები აღარ არის, ამიტომ ის ჯავახეთის მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდებს.
გუშინ, 3 ივნისს, სოფელ ყაურმის მცხოვრებს კორონავირუსის ღრმა გამოკვლევა ჩაუტარდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ადამიანმა დაავადება უკვე გადაიტანა და საკარანტინე ზონიდან გაშვების მომენტში ის ვირუსის გამავრცელებელი აღარ იქნებოდა.
“ის რეკონვალესცენციის ფაზაში იმყოფება, რაც გამოჯანმრთელების პერიოდს ნიშნავს. თუმცა, დიფერენცირება ვერ ხდება რადგან, ერთხელ იყო PCR ტესტის უარყოფითი რეაქცია. მას ადრე უნდოდა წასვლა, დაკრძალვაზე უნდა წასულიყო. ეს დაავადება მე-11 დღის შემდეგ აღარ ვრცელდება და გადამდები არ არის. ამიტომ საკარანტინე ზონის ხელმძღვანელობამ ის კარანტინიდან გაუშვა. ამჟამად ის ვირუსის გამავრცელებელი არ არის”, – ამბობს ის.
ხელმეორე ტესტი ვირუსზე პაციენტს მე-12 დღეს გაუკეთდა. როდესაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეიტყო, რომ ტესტმა ვირუსის სუსტი-დადებითი არსებობა აჩვენა, გადაწყდა ღრმა გამოკვლევის ჩატარება და ყაურმის მცხოვრები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
“გუშინ სისხლისა და ნაცხის ღრმა გამოკვლევა ჩატარდა. ჩვენ სისხლში სპეციალური ანტისხეულების არსებობა შევამოწმეთ, რომლებიც აჩვენებენ თუ გადაუტანია ადამიანს დაავადება. მასაც ჰქონდა ანტისხეულები, ანუ დაავადება უკვე გადაეტანა. ზოგჯერ ნაცხში ვირუსის ნარჩენი დიდი ხნით რჩება, თუმცა ის აღარ ვრცელდება და გადამდები არ არის»,- განმარტავს ამირან გამყრელიძე.
ის ადამიანი, რომელთან ერთადაც ყაურმის მცხოვრები კარანტინში იყო, ინფიცირებული არ არის, მისი ტერტი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ცენტრში გადაწყვიტეს კიდევ რამდენიმე დღე აკონტროლონ პაციენტი. მის ოჯახის წევრებს გამოიკვლევენ. სოფელ ყაურმაში მოსახლეობას აუხსნეს, რომ ყოველი შემთხვევისათვის კონტროლი უნდა ჩატარდეს, სოფლის მაცხოვრებლებმა ხშირად უნდა გაიზომონ ტემპერატურა…
“ვფიქრობთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არის. თუმცა, ვაგრძელებთ გამოკვლევას და დაკვირვებას. ახალქალაქსა და ნინოწმინდას შეატყობინეთ, რომ არ იღელვონ, ეს შემთხვევა კონტროლის ქვეშ გვაქვს აყვანილი და საგანგებო არაფერი ხდება. პანიკა არ არის საჭირო”, – მოგვიწოდებს ამირან გამყრელიძე.