ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლის ბიბლიოთეკების წიგნების ფონდი, რომელიც საბჭოთა დროიდან მიტოვებულ სახლებშია და გაფუჭებულია, მაკულატურის სახით არის ჩაბარებული. ამ წიგნის ფონდის ნაწილი გასულ წელს ჩაბარდა, მეორე ნაწილი კი წელს ჩაბარდება.

სოფლის ბიბლიოთეკების წიგნების ფონდები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიხურა, ცარიელ, მიტოვებულ შენობებში, ცუდ მდგომარეობაში იყო განთავსებული. ეს სახლები წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, არ იხსნებოდა, არ ნიავდებოდა. წიგნები ნესტის გამო დაობდა და გაფუჭდა.

ამ სოფლების ბიბლიოთეკარები დიდი ხანია წიგნების ფონდის ახალქალაქის ბიბლიოთეკების ასოციაციისთვის (ყოფილი ცენტრალური ბიბლიოთეკისთვის) გადაცემას სთავაზობენ, მაგრამ ისინი ყოველთვის უარს აცხადებდნენ შესაბამისი ფართის უქონლობის გამო. გასულ წელს ბიბლიოთეკების ასოციაციამ გადაწყვიტა უკვე დაზიანებული წიგნების ფონდი მაკულატურად ჩაებარებინა.

„როდესაც ბიბლიოთეკები დაიკეტა, სოფლის წიგნები დახურულ სივრცეში დარჩა და გაფუჭდა. ამ წიგნებს, ისევე როგორც არსებული ფილიალების წიგნებს მაკულატურად ჩავაბარებთ. ამ ფონდიდან კარგი წიგნები შევარჩიეთ და დავტოვეთ, დანარჩენი ჩავაბარეთ“, – თქვა ბიბლიოთეკების ასოციაციის დირექტორმა თეკლე ვახტანგიშვილმა.

წიგნების მეორე პარტიის ჩაბარება წელს დაიწყება. არის წიგნები სოფელ სულდადან, კარწახიდან, ფილიპოვკადან, დავნიადან და დადეშიდან.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ერთ დროს 93 ბიბლიოთეკა იყო, ზოგიერთ დიდ სოფელში კი ორი ბიბლიოთეკა. ამჟამად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკები ფუნქციონირებს 16 სოფელში, 17 ფილიალი. სოფელ ბარალეთში ორი ბიბლიოთეკაა: სომხური და ქართული.

1990-იან წლებში სოფლებში ბიბლიოთეკების საერთო დახურვის შემდეგ, ისინი 2009 წელს გაიხსნა. ჯერ 4 სოფელში გაიხსნა, ხოლო შემდეგ 2010-იანი წლების დასაწყისში დანარჩენში. ბიბლიოთეკები მოქმედებს შემდეგ სოფლებში: გოგაშენი, კუმურდო, ვაჩიანი, დილისკა (2 ბიბლიოთეკა), კარტიკამი, არაგვა, კოთელია, ორჯა, ხანდო, ალასტანი, ბალხო, ზაკვი, ბარალეთი, იხტილა, ბურნაშეთი.

არსებული ბიბლიოთეკების წიგნების ფონდი უკვე ძველია, როგორც ფიზიკურად, ასევე ინფორმაციულად. ასევე ამ ბიბლიოთეკების შენობები უკვე საჭიროებს გარემონტებას და კეთილმოწყობას.

თეკლე ვახტანგიშვილის თქმით, ბიბლიოთეკების წიგნების ფონდი, მათ შორის ქალაქ ახალქალაქში, 20 წელზე მეტია არ განახლებულა. ამჟამად ბიბლიოთეკის ასოციაციას ფონდში 50 000-მდე წიგნი აქვს.

ბიბლიოთეკების ასოციაციაში, თეკლე ვაგტანგიშვილის თქმით, უკვე შექმნილია ერთიანი წიგნების ფონდი, რათა ბიბლიოთეკაში წიგნის დაზიანების შემთხვევაში, ის წიგნების ფონდიდან შეიცვალოს.