პარტია “თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა, სამველ ეღიაზარიანმა, რომელიც ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში იყრიდა კენჭს, დღეს განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
სექტემბრის შუა რიცხვებში პარტია “თავისუფალი საქართელოს” თავმჯდომარემ კახა კუკავამ ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, სამველ ეღიაზარიანი წარადგინა. დღეს სამველ ეღიაზარიანმა კანდიდატურა საკუთარი ინიციატივით მოხსნა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება თავად აქვს მიღობული და ამ გადაწყვეტილებაზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.
“მას შემდეგ, რაც პოლიტიკას გავეცანი, გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი არ იყო და მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. მინდა ვთქვა, რომ როგორც ადრე ვიყავი ჩემი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე სუფთა, წესიერი, სწორედ ახლაც მინდა ბოლომდე სუფთა და პატიოსანი ვიყო. ჩემზე არანაირი ზეწოლა და მუქარები არ განხორციელებულა. ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა. ჩემს გადაწყვეტილებას პარტია გაგებით მოეკიდა”,- განუცხადა JNEWS- ს სამველ ეღიაზარიანმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. ახალქალაქში არჩევნებში მონაწილეობას უკვე 5 მაჟორიტარი და 2 პროპორციული კანდიდატი მიიღებს. ადრე კანდიდატურა ლელოს პარტიის კანდიდატმა, სოცკარ ფუთულიანმაც მოხსნა.