ახალქალაქელებს შესაძლებლობა აქვთ საზოგადოებისთვის სოციალურად მნიშვნელოვან იმ იდეებს შეუწყონ ხელი, რომელთა განხორციელება 30 000 ლარად შეიძლება. ამისთვის მათ შეუძლიათ, თავიანთი იდეით მიმართონ მერიას დღეიდან 21 აგვისტომდე. თუმცა, მივა თუ არა ინიციატივები ახალქალაქის მერიაში, მოსახლეობის და ხელისუფლების სამოქალაქო პასიურობის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ახალქალაქში ხორციელდება პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და ყოვლისმომცველი მონაწილეობისთვის“, რომელიც ხელს უწყობს რიგითი მოქალაქეების ჩართულობას მუნიციპალიტეტის მართვის პროცესში. ახალქალაქში და მთლიანად საქართველოში სამოქალაქო ბიუჯეტი პირველად ხორციელდება.
2024 წელს ახალქალაქის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული სახსრები (კონკრეტულად 30 000 ლარი), რომლის განაწილება ნებისმიერმა მცხოვრებელმა შეიძლება გადაწყვიტოს, თუ მისი იდეა საუკეთესო და მიზანშეწონილი აღმოჩნდება.
ამრიგად, სამოქალაქო ბიუჯეტირების იდეის მიხედვით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ან/და ფაქტობრივად ცხოვრობს ქალაქ ახალქალაქის ტერიტორიაზე, აქვს უფლება წარადგინოს პროექტი საერთო სიკეთისთვის განხორციელებული ღონისძიებების განსახორციელებლად. ინიციატივის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. პროექტის განხორციელება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს, ემსახურებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობას და არა კერძო ან ბიზნეს-ინტერესებს და პროექტის განხორციელება 2024 წლის განმავლობაში უნდა იყოს შესაძლებელი.
პროექტზე განაცხადები მიიღება 2023 წლის 20 ივლისიდან 21 აგვისტოს ჩათვლით. ანუ ახალქალაქის ბიუჯეტით მომავალ წელს განსახორციელებელი იდეის წარდგენას 21 დღე დარჩა. განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით მისამართზე: varchucyun@gmail.com, ან წერილობითი ფორმით წარდგენა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში მისამართზე: ქ. ჩარენცი 11. შერჩეული პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
როგორც მერის მოადგილემ მკრტიჩ მღდესიანმა განმარტა, იმისთვის, რომ ქალაქის მცხოვრებლებმა იცოდნენ ამ ინიციატივის შესახებ, ქალაქში მერის ორივე წარმომადგენელი მოსახლეობას უნდა შეხვდეს.
„ოქტომბრის ბოლომდე შეგვიძლია იდეების განხილვა. დაფინანსებული ინიციატივების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. ისინი განხორციელდება მომავალ წელს, კანონის შესაბამისად უნდა შევასრულოთ სამუსაო. ჩვენ კომისია ვართ, განვიხილავთ გამარჯვებულ ინიციატივას ავტორთან ერთად და გადავცემთ მერიას, მერია საკრებულოში წარადგენს, რათა მათ შემდგომ წლებში ეს თანხა ბიუჯეტში გაითვალისწინონ. კომისია 10 ადამიანისგან შედგება. ეს ყველაფერი ახალია, აქამდე მსგავსი გამოცდილება არ გვქონია“, – აღნიშნა მკრტიჩ მღდესიანმა, რომელიც კომისიის თავმჯდომარეა.
სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის პროექტის კოორდინატორის ოლგა ენდელაძის თქმით, პროცესში ჩართულია ახალქალაქის მერთან არსებული საბჭო, ქალაქის სპეციალისტებმა იდეის მიხედვით უნდა ჩაატარონ საინფორმაციო კამპანია, გაავრცელონ პროცესის შესახებ მოკლე ინფორმაციით შევსების დაბეჭდილი ფორმები. ასევე ინფორმაცია უნდა იყოს მუნიციპალიტეტის გვერდზე, ასევე ჩართული უნდა იყოს მედია, რომელთანაც მერიის თანამშრომლებს მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ. განაცხადები იდეებით კანცელარიამ პირადად უნდა მიიღოს და ელექტრონული ფოსტით.
„ვიცით, რომ პირველ წელს პროცესი ყოველთვის რთულია, ამიტომ ახლა ვთანხმდებით და ვგეგმავთ მარათონს. ეს იქნება ერთდღიანი ღონისძიება, რომელშიც მივიღებთ მონაწილეობას. მარათონის დროს ჩვენ დავეხმარებით ამ აპლიკაციების შევსებაში. რადგან ყველამ არ იცის განაცხადის ფორმულირება“ – თქვა ოლგა ენდელაძემ, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში პროექტის კოორდინატორმა.
მისივე თქმით, პირველადი თანხა 30 000 ლარი მერიამ თავად განსაზღვრა.
„ამას მერი ადგენს, მერის ბრძანებაში მიმაგრებულია, ამ ინიციატივისთვის 30 000 ლარია გამოყოფილი. ლოგიკა არის ის, რომ რაკი ახლა სოფლებში არის „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა, გადავწყვიტეთ იგივე პროცესი დაგვეწყო. უბრალოდ ქალაქში და ქალაქისთვის გამოყოფილია ეს 30 000 ლარი“, – ამბობს ის.