ახალქალაქის 1-ლი და მე-2 საჯარო სკოლების 4-მა მოსწავლემ თბილისში „გაეროს მოდელი“ როლურ თამაშში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ახლა გაივლიან ტრენერების ტრენინგს, რათა სხვა ბავშვები მოამზადონ თამაშში მონაწილეობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს და მთელ მსოფლიოში „გაეროს მოდელის“ თამაშების მონაწილეების მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას და ახალგაზრდების გლობალური პრობლემების გადაჭრაში ჩართვას.

„გაეროს მოდელი“ – პოპულარული როლური თამაში მათთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი, თუ როგორ მუშაობს გაერო. ყოველწლიურად მასში მაღალი კლასის ასობით ათასი მონაწილე და მთელ მსოფლიოში განათლების ყველა დონის სტუდენტი მონაწილეობს. ბევრი დღევანდელი ლიდერი სამართლის, ხელისუფლების, ბიზნესისა და ხელოვნების სფეროში – მათ შორის თავად გაეროში – სტუდენტურ წლებში უკვე მონაწილეობდა „გაეროს მოდელის“ პროგრამაში.

კარინა გალოიანი არის სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტებისა და პროგრამის აქტიური მონაწილე და არის სხვადასხვა ჯგუფის წევრი, საიდანაც ამ შესაძლებლობის შესახებ შეიტყო.

„პროგრამის შესახებ ინფორმაცია ვნახე და გადავწყვიტე უფრო დეტალურად გამეგო, თუ რა სახის პროექტი იყო. მივყევით ლინკს და დავრეგისტრირდით. სამოტივაციო წერილი უნდა დამეწერა და შერჩევის პროცესი გამეარა. მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ გავედი და ტრენინგზე დამიბარეს“, – ყვება კარინა.

პირველ ეტაპზე პროექტის მონაწილეებს ტრენინგი ახალქალაქში უნდა გაევლოთ, რათა გაეგოთ რა არის გაერო, როგორ ფუნქციონირებს ეს ორგანიზაცია და „გაერო-ს მოდელი“ ერთმანეთში უნდა ჩაეტარებინათ.

„გვითხრეს, ვინც თავს გამოაჩენს, თბილისში ის წარმოადგენს ახალქალაქს. ამის შემდეგ 4 კვირაზე მეტ ხანს დავდიოდით ტრენინგებზე, გავიგეთ, რას წარმოადგენს ეს თამაში“, – ყვება კარინა.

თითოეული მონაწილე წარმოადგენდა კონკრეტულ ქვეყანას, ხოლო „მოდელის“  საერთო თემა იყო გლობალური დათბობა. თითოეულ ქვეყანას უნდა წარმოედგინა თავისი პოზიცია, ხოლო შემდეგ ბავშვები ჯგუფურად მუშაობდნენ რეზოლუციის შესამუშავებლად.

ახალქალაქში ორგანიზებულ „გაეროს მოდელზე“ თბილისიდან UNA Georgia-ს წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ, რომლებმაც თბილისში გამართული მთავარი „მოდელის“ მონაწილეები შეარჩიეს.

f9ee445a-7b02-4273-a886-382513bbaac1

მონაწილეობდნენ ახალქალაქის №1 და №2 სკოლების მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები: კარინა გალოიანი, ლუსინე მარკარიანი, ანდრანიკ მნაცაკანიანი, სანასარ რსტაკიანი.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ავღანეთი, ფინეთი, ბრაზილია, სენეგალი. მოდელის თემა იყო მიგრაციული კრიზისი. თითოეულმა ჩვენგანმა ისაუბრა უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე. მონაწილეები იყვნენ მთელი საქართველოდან”, – ყვება კარინე.

პროექტის დასრულების შემდეგ კარინამ გადაწყვიტა, რომ სურდა მიღებული გამოცდილება სხვა ახალქალაქელი ახალგაზრდებისთვის ესწავლებინა.

„შემდეგ მოდელზე წასვლა გვინდა, არა როგორც მონაწილეებს, არამედ როგორც ტრენერებს. ტრენერების ტრენინგები უნდა გავიაროთ, ეს იქნება მაისის ბოლოს. შემდეგ ტრენინგებს სხვა მოსწავლეებისთვის ჩავატარებთ“.

კარინა აღნიშნავს, რომ თამაშში მონაწილეობამ მათ სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობის, კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების საშუალება მისცა, გაეგოთ, როგორ ფუნქციონირებს გაერო, თავი გლობალური პოლიტიკური პროცესის ნაწილად იგრძნეს. ეს მათთვის ფასდაუდებელ გამოცდილებად იქცა, რომელსაც ახალ თაობებს გადასცემენ.

საქართველოს გაეროს ასოციაცია ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასთან თანამშრომლობით და USAID-ის  „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამის მხარდაჭერით გაეროს მოდელელირებას წარმოადგენს.
1995 წლიდან გაეროს მოდელირება არის საქართველოს გაეროს ასოციაციის მუდმივი პროგრამა, რომელიც გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე უმაღლესი განათლების სტუდენტებზე და ბოლო კლასების მოსწავლეებზეა ადაპტირებული.