საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებელი მდგომარეობა დისკომფორტს უქმნის არა მხოლოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, არამედ სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობასაც. მრავალი წელია, არსებული პრობლემა არ მოგვარებულა, ხოლო მძღოლები ამას კერძო ბიზნესად თვლიან და როცა უნდათ მუშაობენ, როცა არ უნდათ – არ მუშაობენ.
ახალქალაქიდან თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალქალაქის ავტოსადგურიდან დღეში სამჯერ მოძრაობს. დილით 07:00, 09:00 და დღის მეორე ნახევარში 15:00. ხოლო საპირისპირო მიმართულებით, დიდუბიდან დილის 08:00 საათზე, შუადღისას 13:00 საათზე და საღამოს 17:00 საათზე.
დილით, 07:00 საათზე, ტრანსპორტი თითქმის ყოველთვის გადის, რადგან მოსახლეობა, როგორც წესი, ადრე მიდის ყველაფრის გასაკეთებლად და უკან ბრუნდება. რაც შეეხება 09:00 და 15:00 საათზე გასვლას, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, გავა თუ არა ტრანსპორტი? ძირითადად, როცა მგზავრები ცოტაა, მძღოლები თვითონ წყვეტენ წავიდნენ თუ არა. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა,ადამიანი შეხვედრაზე მიდის, ავიაფრენაზე აგვიანდება თუ ექიმთან არის ჩაწერილი.
ერთ-ერთი ჩვენი თანამოსაუბრე ყვება, რაც მას ბოლო დროს დაემართა. თბილისიდან ახალქალაქში ჩამოსვლა უნდოდა, მაგრამ 17:00 საათის შემდეგ ახალქალაქში ტრანსპორტი აღარ იყო, ამიტომ იძულებული გახდა ალტერნატივა ეპოვა. „დიდუბის“ ავტოსადგურის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ გამოსავალს იპოვიან.
„მითხრეს, რომ იქნება ტრანსპორტი, რომელიც ახალციხემდე მიმიყვანს. ჩვენ დავთანხმდით, რადგან სხვა გზა არ გვქონდა. სამარშრუტო ტაქსი მოვიდა, როცა დავსხედით, რამდენიმე ადამიანი დარჩა უადგილო და ამ დროს თქვეს, რომ მეორეც უნდა მოიყვანონ, მაგრამ მანამდე ყველას გვითხრეს, რომ ეს ბოლო მიკროავტობუსი იყო. უმეტესობა ბორჯომში უნდა ჩასულიყო. დავიწყეთ გადახდა, 15 ლარი გამომართვეს, იგივე თანხა სთხოვეს იმ ადამიანებს, ვინც ბორჯომში უნდა ჩამოსულიყო. ბუნებრივია, ისინი ძალიან გაბრაზდნენ“.
ადამიანებმა, რომლებსაც ბორჯომში წასაყვანად 15 ლარი სთხოვეს, უფრო მეტის გადახდა და ტაქსით წასვლა ამჯობინეს, ვიდრე 15 ლარი გადაეხადათ და ბორჯომში ტრანსპორტით ჩასულიყვნენ. ფაქტია, რომ თბილისიდან ბორჯომამდე ბილეთის ფასი 12 ლარია. ანუ იმ შემთხვევაში ხალხისთვის ფული არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ ისინი მოტყუებულნი იყვნენ.
მეორე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მანქანები ძალიან მოუხერხებელი და ჭუჭყიანია. ზამთარში ტრანსპორტში ცივა კიდევაც.
Jnews-მა ბოლო დროს მიიღო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მიკროავტობუსი სავსეა ტომრებითა და ჩანთებით, რის გამოც ადამიანები შეფერხების გარეშე ვერ აღწევენ საკუთარ ადგილებს და დისკომფორტში ჯდებიან.
სტუდენტებს ალტერნატივა საერთოდ არ აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაყვნენ, რადგან მეცადინეობებზე დააგვიანდებათ. ფიქრობენ, რომ რამდენიმე საათია, გაუძლებენ.
რეალურად, ეს პრობლემა მრავალი წელია არ გვარდება და კონტროლდება. მოქალაქეს დილის 09:00 საათზე სჭირდება თბილისში ჩასვლა, მძღოლი კი არ მიდის, რადგან ასე სურს, მისთვის არ არის მომგებიანი თბილისში წასვლა ერთი მგზავრით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისისკენ მიმავალ გზაზე ან სხვა ქალაქების გავლით ბევრი ხალხი ელოდება ტრანსპორტს.
ვერავინ იტყვის, მოგვარდება თუ არა მძღოლების „კერძო ბიზნესის“ მრავალწლიანი ქაოსი, რადგან საქართველოში საზოგადოებრივ ტრანსპორტს ცენტრალიზებული კონტროლი არ აქვს. ავტოსადგური არის ადგილი, სადაც თითოეულ მძღოლს შეუძლია მოითხოვოს ადგილი, მოეწყოს იქ თავისი მანქანით და ტრანსპორტირება დაიწყოს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ავტოსადგომის გახსნა, თუ მას აქვს შესაფერისი ადგილი. ტრანსპორტის სამინისტრო რეგიონული მიკროავტობუსების მუშაობას არ აკონტროლებს.
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საგზაო ტრანსპორტის დარგის ფიზიკურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს შეუძლია საქმიანობის დაწყება ამ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, თუ მას აქვს ნებართვა.