ახალქალაქში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა უკვე აშენდა, გარე სამუშაოები რჩება მშენებლობის დასასრულებლად, რომელიც ზამთრის რთული ამინდის პირობების გამო გადაიდო, სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებიდან განახლდება, როგორც მშენებლებმა აღნიშნეს.
შენობა აშენდა, კარ-ფანჯრები დამონტაჟდა, კომუნიკაციები შიგნით გაყვანილია, მაგრამ აუცილებელია ეზოს მოასფალტება, ფასადის და სხვა სამუშაოების გაკეთება, ამის შესახებ გვაცნობეს მშენებლებმა, რომლებმაც სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი მოიგეს.
„სასწრაფო დახმარების შენობის შიდა სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. რჩება მხოლოდ გარე სამუშაოების დასრულება – ეს არის ფასადი, ღობე, შენობის გარშემო ასფალტი. ვინაიდან აქ ჯერ კიდევ ცივა, გარე სამუშაოების დაწყებას აპრილის შუა რიცხვებიდან ვგეგმავთ“, – ამბობს მშენებელი ვარდან ჩოლახიანი.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობის მშენებლობა 3 აგვისტოს დაიწყო. ის ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში, სასწრაფო დახმარების ძველი შენობის წინ მდებარეობს.
ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა. საწყისი თანხა 459 451 ლარი იყო, ტენდერი ახალქალაქელმა ინდმეწარმემ სერგეი ჩოლახიანმა 420 200 ლარის ოდენობით მოიგო.
2019 წლიდან საქართველოში 300-მდე კლინიკის რეკონსტრუქციის, 100-ზე მეტი ახალი კლინიკისა და 40 სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა დაიწყო. შემდეგ მთავრობამ 20 მილიონი ლარი გამოყო პროექტის განსახორციელებლად, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს, მათ შორის ახალქალაქს მოიცავს.
თავიდან ახალქალაქში სასწრაფო დახმარების შენობის ასაშენებლად ადგილს ვერ პოულობდნენ, ამიტომ ახალი კორპუსის მშენებლობა გაჭიანურდა. 4 წელი დასჭირდა ადგილმდებარეობის გადაწყვეტას და მშენებლობისთვის მომზადებას. აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრის მშენებლობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.
ახალქალაქში სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო
სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობა პროცესშია(Photo)