ბოლო წლებში საქართველოს სომხური სათვისტომო საქართველოში ბედის წყალობაზე მიტოვებული ერთ-ერთი სომხური ეკლესიის – სურბ შამხორეცოც კარმირ ავეტარანის დანგრევის საკითხს პერიოდულად აყენებს. Jnews-ი შეეცადა გაერკვია ამ სიტუაციის მიზეზები, ვინ არის პასუხისმგებელი ამ და სხვა კულტურული ძეგლების ბედზე და ასევე როგორ შეიძლება გამოსწორდეს სიტუაცია.
1775 წლით დათარიღებული სურბ შამხორეცოც კარმირ ავეტარანის ეკლესია ერთ დროს თბილისის ყველაზე მაღალი ეკლესია იყო. ის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ასევე თბილისის უნიკალური არქიტექტურის ნაწილია. თუმცა ეს მემკვიდრეობა დღეს ბედის წყალობაზეა მიტოვებული და განადგურების პირასაა.
კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი ცირა ელისაშვილი Jnews-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ძეგლზე პასუხისმგებლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკისრება.
„ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო კონვენციების მიხედვით, ძეგლი ეკუთვნის სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც დგას. შესაბამისად, შამხორეცოცის ეკლესია საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. მთავარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, კერძოდ საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკისრება. ძეგლის რესტავრაციის პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული დაცვის სააგენტოსთან“, – აღნიშნავს კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი ცირა ელისაშვილი.
ბოლო წლებში ეკლესიის ირგვლივ სხვადასხვა ნაგებობების მშენებლობა დაიწყო, რამაც ეკლესიის ფუნდამენტი ძალიან დააზიანა. ექსპერტს მიაჩნია, რომ ვითარება მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა, მაგრამ ეკლესიის ირგვლივ არსებული შენობები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს პირდაპირ არღვევს.
„ძეგლის დაცვის ფიზიკური და ვიზუალური ასპექტების თვალსაზრისით, ასეთ პროექტზე თანხმობა არ უნდა ყოფილიყო გაცემული“.
მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური კულტურული ძეგლი შედიოდა „სადავო ეკლესიების“ არაოფიციალურ სიაში, რომელიც საქართველოს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის ვებგვერდზეა წარმოდგენილი, როგორც „შენახული და განადგურებული, უმოქმედო ეკლესიები“, ცირა ელისაშვილის თქმით, აღნიშნული ეკლესიის ვინაობაში ეჭვი არ ეპარება.
„შამხორეცოცის ეკლესია ცალსახად სომხური კულტურის ნაწილია. მისი აშენების ისტორია ცნობილია. ამასთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვები არ უნდა იყოს“.
მისი თქმით, ეკლესიის რესტავრაციის/კონსერვაციის შეფერხების ერთადერთი მიზეზი საქართველოს საპატრიარქოს პოზიციაა, ასევე სახელმწიფოს საპატრიარქოსთან კონფრონტაციის სურვილის არარსებობაა.
„ეს ინსტიტუცია დიდ გავლენას ახდენს სახელმწიფოზე და სახელმწიფოს უმოქმედობა კულტურულ მემკვიდრეობას ანგრევს. თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საპატრიარქო ქართულ ძეგლებთან მიმართებითაც იღებს არასწორ გადაწყვეტილებებს, ხოლო ქართული სახელმწიფო ამაზე თვალს ხუჭავს. ხელისუფლებას საპატრიარქოსთან კონფრონტაციას არ მართავს, თუნდაც იმის გამო, რომ ეკლესიის მრავალრიცხოვანი მრევლი ერთდროულად ელექტორატსაც წარმოადგენს“.
არმენოლოგი, ეთნიკური და კონფესიური ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა იმავე აზრზეა, რომ ისტორიული ძეგლების განადგურების პრობლემა მხოლოდ სომხურ ხუროთმოძღვრებას არ ეხება და ამის მიზეზად დღევანდელი ხელისუფლების გულგრილობას მიიჩნევს.
„ნებისმიერი ძეგლი, განურჩევლად იმისა, თუ ვინ ააშენა იგი საქართველოს ტერიტორიაზე, არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, რადგან ყველა ხალხი, ვინც აქ ააშენა თავისი კულტურული ძეგლი, არის საქართველოს ისტორიის ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ მათი მემკვიდრეობა ქართული მემკვიდრეობაა. და ახლა რაც შამხორეცოცსა და სხვა ეკლესიებთან მიმართებაში ხდება, ვისი საკუთრების საკითხიც არ დგას, ეს ყველაფერი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. დღევანდელი ხელისუფლებისთვის ეს სულერთია. მე, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს მხოლოდ სომხური ძეგლებთან მიმართებაში ხდება, რადგან ის, რაც ახლა ხდება, თავად უკეთ იცით, ქართული კულტურის სიმბოლო გელათი ინგრევა“.
მისი აზრით, სომხური თემისგან განსხვავებით, ქართული საზოგადოება საპროტესტო აქციებზე მისი ისტორიული ძეგლების პრობლემასთან დაკავშირებით უფრო აქტიურია.
„ქართული საზოგადოება მეტ-ნაკლებად აქტიურად ადევნებს თვალს გელათის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო აქციებს, თუ სომხური საზოგადოებაც უფრო აქტიური და თანმიმდევრული იქნება ამ საკითხში, ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად მოვახერხებთ ამ საკითხის მოგვარებას“.
თუმცა, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსმა, მიხეილ ავაკიანმა აღნიშნა, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ 2004 წლიდან მოყოლებული რამდენჯერმე მიმართა სხვადასხვა სამთავრობო ორგანოებს, მაგრამ პასუხი არ მიუღია. საზოგადოებრივ ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა საზოგადოებას“ არტურ მირზოიანის ხელმძღვანელობით ეკლესიის მდგომარეობს საკითხი არაერთხელ წამოუყენებია.
„ჩვენ 2010, 2012, 2014, 2018, 2019, 2020, 2021 წლებში მივმართეთ, მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მერიას, რელიგიურ საკითხთა კომისიასაც . არცერთი სტრუქტურისგან კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია“, – აღნიშნა მან.
არც ერთი, თუნდაც მოქმედი სომხური ეკლესია არ არის სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ბლანასზე, მათ შორის სურბ შამხორეცოცი.
„ეს საკითხიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, რა თქმა უნდა, ეკლესია რომ იყოს ჩვენს ბალანსზე, შევძლებდით შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას, თუმცა ამ შემთხვევაში ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანხმობაც დაგვჭირდება”, – ამბობს მიხაილ ავაკიანი.
ამ დროისთვის სურბ შამხორეცოცის ეკლესიის მდგომარეობა სავალალოა. ექსპერტი ცირა ელისაშვილის თქმით, ტაძარი მხოლოდ საკონსერვაციო სამუშაოებს ექვემდებარება, მისი აღდგენა აღარ არის შესაძლებელი.
„უფრო მეტიც, ჩემი ინფორმაციით, არ არსებობს ზუსტი მონაცემები, ანუ არქიტექტურული ჩანაწერი ეკლესიის დანგრევამდე არსებული მდგომარეობის შესახებ“.
ეს პრობლემა მხოლოდ წმინდა შამხორეცოცის ეკლესიას არ ეხება. ანალოგიურ სიტუაციაში, დანგრევის პირას არის თბილისის კიდევ 4 სომხური ეკლესია – სურბ მინას ერევანცოცი, სურბ გევორგ მუღნი (მუღნუ მეწ), სურბ ნშანი (სურბ ნიკოღაოსი), სურბ ასტვაწაწინ ნორაშენი. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ მათთან დაკავშირებით სხვადასხვა ინსტანციას მიმართა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
არმენოლოგი, ეთნიკური და რელიგიური ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ დღეს მთავარი ამოცანაა ამ ისტორიული ძეგლების მინიმუმამდე შენარჩუნება და ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი ცირა ელისაშვილი სიტუაციიდან გამოსავალად საქართველოსა და სომხეთის პროფესიულ რესურსებს შორის შესაძლო თანამშრომლობას ხედავს. გარდა ამისა, ის სამოქალაქო საზოგადოების დონეზე მსგავსი თემების განხილვის მნიშვნელობას აღნიშნავს.
ასევე წაიკითხეთ:
შამხორეცოცის ეკლესია განადგურების პირასაა: შესაძლებელია თუ არა მისი გადარჩენა?