2022 წლიდან მიწის ნაკვეთების სისტემატური რეგისტრაცია ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მიმდინარეობს. რეგისტრაციის პროცესში პრობლემები ჩნდება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სახლებისა და მიწის ნაკვეთების მფლობელები საზღვარგარეთ იმყოფებიან.
Jnews-ის ცნობით, რეგისტრატურები უკვე იყვნენ სოფელ ხულგუმოში, კულიკამში, კარტიკამში, თოთხამში, არაგვაში, კორხში, ორჯაში, მაჯადიაში, ხანდოში, ოლავერდსა და გომანში.
დავუკავშირდით სოფლის წარმომადგენლებს, რათა გაგვეგო, როგორ მიდიოდა რეგისტრაციის პროცესი.
სოფელ თოთხამისა და არაგვის წარმომადგენლები ძირითადად აცხადებდნენ, რომ ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ თუ სახლის მეპატრონე ამჟამად ცხოვრობს რუსეთში და არის რუსეთის მოქალაქე, არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა ან დროებითი ბინადრობის მოწმობა, მაშინ მას არ შეუძლია სახლის პრივატიზება.
რეგისტრატორების ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებმაც რუსული იციან და ეხმარებიან იმ ადამიანებს, ვინც რეგისტრაციას აკეთებს.
იყო შემთხვევა კარტიკამსა და ხულგუმოში, როდესაც მეზობლებს შორის სასაზღვრო პრობლემები წარმოიშვა, მაგრამ საკითხი სწრაფად მოგვარდა.
სოფელ კორხში მცხოვრებლებს პრობლემები ჯერ არ შექმნიათ, გარდა იმისა, რომ აქაც, ისევე როგორც ზემოთ აღნიშნულ სოფლებში, რეგისტრაციის პროცესი დაუსრულებელი რჩება.
ხულგუმოს მცხოვრებლები შეშფოთებულნი არიან – ერთ-ერთის ქონება სოფლის მეორე მკვიდრის სახელზეა გაფორმებული.
„ამ სახლში ბაბუაჩემი ცხოვრობდა, მამაჩემიც კი 14 წლამდ ცხოვრობდა, მერე სოფლის სხვა ნაწილში მიწის ნაკვეთი იყიდეს და სახლი ააშენეს. სახლის მშენებლობაში ასევე გამოყენებული იყო ძველი სახლის კედლის ქვები.
დროთა განმავლობაში არ მოახდინეს პრივატიზება, მაგრამ ერთ-ერთმა სოფლის მცხოვრებმა მოახდინა მისი ტერიტორიის პრივატიზება, მათ შორის ჩვენი მონაკვეთის, როგორ არის ეს შესაძლებელი? ახლა კი რეგისტრატორები ამბობენ, რომ ვერაფერს გააკეთებენ, სხვა ორგანოებს უნდა მივმართოთ. როცა ტერიტორიას აფორმებდნენ, ისეთი ადამიანები ადასტურებდნენ, მაშინ დაბადებულები არ იყვნენ, რომ სცოდნოდათ, ვინ ცხოვრობდა ამ სახლში“, – ყვება ხულგუმოს მცხოვრები.
სოფელში ასევე იყო შემთხვევა, როცა სახლი ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, მაგრამ რეესტრში მეორეს სახელზე იყო დარეგისტრირებული.
მათ ყველა სოფელი მოინახულეს, მაგრამ არცერთ სოფელში რეგისტრაცია არ დაუსრულებიათ. სოფლის წარმომადგენლები და მცხოვრებლები ელოდებიან, რომ სოფელში ისევ წავლენ, რათა პროცესი დაასრულონ.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს შემდეგი:
„ჩვენ ყველა სახლში შევდივართ, და ამ დროს სახლის მცხოვრებლები გვეუბნებიან, ვის ეკუთვნის ეს სახლი და, შესაბამისად, შეცდომა არ შეიძლება იყოს. თუ მათ მიაჩნიათ, რომ რაღაც ტერიტორია ორ ადამიანს ეკუთვნის და ერთ ადამიანზეა რეგისტრირებული, ამ შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლები ვერაფერს გააკეთებენ და საკითხი მხოლოდ სასამართლოს გზით წყდება. რაც შეეხება ტერიტორიას, რომელიც ჯერ არ არის დარეგისტრირებული და ასევე საკამათოა, ამ შემთხვევაში ის იზომება, მაგრამ არავისზე არ რეგისტრირდება.
რაც შეეხება იმას, რომ ყველა სახლი და მიწის ნაკვეთი არ იყო დარეგისტრირებული, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაადასტურა, რომ მათი თანამშრომლები ყველა სოფელში დაბრუნდებიან თოვლის დადნობის შემდეგ, რათა მინდვრებამდე მიაღწიონ.
აღვნიშნავთ, რომ 2022 წლიდან გაზომილია 776 297 მონკავეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 603 110 მიწის ნაკვეთზე.
განრიგის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში ახორციელებს კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური ქონების ნაკვეთების გაზომვას და რეგისტრაციას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწისა და სახლების უფასო რეგისტრაცია 2022 წლის დეკემბერში სოფელ დილისკადან დაიწყო.
სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლებმა სოფლის მცხოვრებთა 17%-ს სახლები და მიმდებარე მიწის ნაკვეთები გაზომეს და წავიდნენ. ამის შემდეგ, 2023 წელს მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების უფასო რეგისტრაცია შეჩერდა და არ განახლდა.
რაიონის მცხოვრებლებმა დაიწყეს შეშფოთება, რომ ეს პროგრამა ვერ მიაღწევდა მათ ნაკვეთებამდე. ადგილობრივი ხელისუფლებაც იყო შეშფოთებული და 2023 წლის აგვისტოში დაწერა წერილი იმის გასარკვევად, თუ რატომ არ განახლდა პროცესი.
რამდენიმე თვის შემდეგ საკრებულო იუსტიციის სამინისტროდან პასუხს ღებულობს, სადაც ნათქვამია, რომ სამუშაოები მიმდინარეობს და 30 400-ზე მეტი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი ადგილზე აზომვისა და დაზუსტებისთვის არის მოხაზული (ელექტრონულად).