გრიგორ ასლანიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახიდანა. ის არის ერთ-ერთი ჯავახეთში იმ მცირერიცხოვან მეცხოველეებს შორის, რომელიც აცხადებს, რომ მეცხოველეობა მომგებიანი და შემოსავლიანი საქმეა. მას მიაჩნია, რომ ამას ხელს უწყობს პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება, რომლის დახმარებითაც მოსალოდნელი შედეგის მიღებაა შესაძლებელი.
ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით მან მიიღო ევროპული ჯიშის ძროხები (შვიცი, ჯერსი, ჰოლშტეინი), რომლებიც უფრო მდგრადია ჩვენი კლიმატური პირობების მიმართ, ვიდრე იმავე ჯიშის ჩამოყვანილი ძროხები.
ვეტერინარი გრიგორ ასლანიანი სოფელ კარწახში ცხოვრობს და 20 წელზე მეტია მეცხოველეობით არის დაკავებული. მას ახლა თავის ფერმაში 8 ძროხა და ორი ხბო ჰყავს, ძროხებს შორის არის რძიანი და ხორციანი ჯიშები. გრიგორ ასლანიანი მეცხოველეობას სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან სფეროდ თვლის და მეურნეობის კიდევ უფრო გააფართოებას აპირებს.
მისი თქმით, მეცხოველეობიდან წელიწადში 15 000 ლარის შემოსავალს იღებს.
„ნებისმიერ საქმეში, თუ გონივრულად და სრულყოფილად იმუშავებ, რა თქმა უნდა, მიიღებ შედეგს“, – ამბობს ის.
ზამთრის სეზონზე ყოველდღიურად 25-30 ლიტრ რძეს ყიდის, გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზე – 100 ლიტრამდე რძეს. გრიგორი რძეს ნინოწმინდიდან ნედლი რძის პროდუქტების მწარმოებელს 1,20 ლარად აბარებს, ხორცს კი 18,5 ლარად ყიდის.
გასული წლის გაზაფხულზე რძეს მაღალ ფასად ყიდდა – 1.60-1.80 ლარად, მაგრამ დროდადრო ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში ფასი დაეცა. დღევანდელ ფასს გრიგორი ნორმალურად მიიჩნევს, თუმცა შიშობს, რომ რძის ფასი ისევ დაეცემა, და ამ შემთხვევაში, მისი თქმით, მეცხოველეობა შეიძლება მომგებიანი აღარ იყოს. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ის მეურნეობის გაზრდას აპირებს და ფიქრობს, რომ რძის დაბალი ფასი – დროებითია. ის იმედოვნებს, რომ მომავალში ფასი აიწევს, რადგან ხელისუფლება უკვე აკონტროლებს რძის პროდუქტების მწარმოებლებს, რათა მცენარეული ცხიმები არ გამოიყენონ.
გრიგორ ასლანიანი თვითონ არ ამუშავებს რძეს, რადგან ამ შემთხვევაში იძულებული იქნება პროდუქტისთვის ბაზარი მოძებნოს. ის თვლის, რომ ყველა საკუთარი საქმით უნდა დაკავდეს.
გრიგორ ასლანიანი მომგებიანი მეცხოველეობის საიდუმლოდ საქონლის კარგ ჯიშს მიიჩნევს.
„მე შვიცის, ჯერსის, ჰოლშტეინის ჯიშები მივიღე, და ვთვლი, რომ ამ ჯიშების ადგილზე ხელოვნური განაყოფიერების გზით მიღება უკეთესია, ვიდრე ჩამოყვანილი ძროხები, რადგან ხელოვნური განაყოფიერებით მიღებული ძროხები უფრო მეტად არის ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული. ორი განაყოფიერების შემდეგ ძროხის ჯიში უმჯობესდება“,- ამბობს გრიგორი.
ხელოვნური განაყოფიერების გზით გაჩენილი 3 ძროხიდან 2 იმშობიარა.
ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით მიღებული ძროხები ისეთი მსხვილი არ არიან, როგორც იგივე ჯიშის ჩამოყვანილი, და ისინი ნაკლებ საკვებს მოითხოვენ. ერთი ძროხა წელიწადში 1,5 ტ თივას ჭამს.
ჯავახეთის მეცხოველეებს შორის საქონლის ხელოვნური განაყოფიერება პოპულარობით არ სარგებლობს. მაგრამ გრიოგირ იმედოვნებს, რომ მას შემდეგ, რაც ფერმერები შედეგს ნახავენ, აზრს შეიცვლიან.