ახალქალაქში, ახალქალაქისა და კუმურდოის მიტროპოლიტ ნიკოლოზის ეპარქიაში მილტიპლიკაციური სტუდია „დროის გასაღები“ ფუნქციონირებს. აქ ბავშვები სწავლობენ მულტიპლიკაციას და საკუთარ მულტფილმებს ქმნიან.
შავი ოთახი, მაგიდასთან ბავშვები ერთი მთლიანის ცალკეულ ნაწილებს ხატავენ. თითოეულ პატარა მაგიდასთან ენთუზიაზმით 7 ბავშვი მუშაობს, ზოგი სიმღერით ხატავს, ზოგი კი ფერსა და ტექსტურას განიხილავს, კიდევ ორი ბიჭი უკვე კოსმოსის შესახებ მულტფილმის გადაღების პროცესშია. შავი ფარდა ჩამოიშალა, ნათურები აინთო, ცოტა უფრო შორს არის თაროები ფერადი საღებავებით და სხვა მასალებით, საიდანაც ბავშვები თავიანთ გმირებს ამზადებენ. გარედან მთელი ეს სურათი ჯადოქრობას ჰგავს.
მულტიპლიკაციური სტუდია „დროის გასაღები“ ახალქალაქში, მიტროპოლიტ ნიკოლოზის ინიციატივით 3-4 თვის წინ გაიხსნა. ყველაფერი რუსი ანიმაციური რეჟისორის სტუმრობით დაიწყო.
„ზაფხულში ახალქალაქში ცნობილი მულტფილმის რეჟისორი სერგეი სერეგინი ჩამოვიდა. სამწუხაროდ, როცა უკან დაბრუნდა გარდაიცვალა. მაშინ ბავშვებთან იმუშავა და აჩვენა მულტიპლიკაციური ესკიზები, ბავშვები ამ ეტიუდებს ძერწავდნენ. ბავშვებში მილტუპლიკაციისადმი ინტერესი გაჩნდა. მეუფის ლოცვა-კურთხევით წავედით მე და დედა ესთერი, ერთი კვირა ვიყავით, ცოტა ვისწავლეთ, ელემენტარული რაღაცები ვისწავლეთ. ჩამოვედით, ავაშენეთ სტუდია და დავიწყეთ ბავშვებთან მუშაობა“, – ამბობს დედა მარიამი.
ოთახის შავ ფონზე ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, საღებავები და ქაღალდის ნაჭრები უფრო კაშკაშა ჩანს.
ამ დროისთვის სტუდიაში რამდენიმე ბავშვი სწავლობს, თუმცა, დედა მარიამის თქმით, სტუდიის კარი ღიაა ყველა ბავშვისთვის, ვისაც სურს ისწავლოს ანიმაცია, ამასთანავე ამატებს, რომ ოთახი ძალიან პატარაა და არ არის საკმარისი აპარატურა. სხვადასხვა სტუდიური აქტივობის ერთ ოთახში გაერთიანება უწევთ.
“გაგიკვირდებათ, რა სახის მულტფილმებს იღებენ ჩვენი ბავშვები. ეს ოთახი სხვა რამეზეა გათვლილი. აქ სიბნელე უნდა იყოს, რომ ლუმინესცენტური ნახატები ანათებდეს. მაგრამ რადგან დიდი ოთახის შესაძლებლობა ჯერ არ გვაქვს, ბავშვებს ჯერ ვასწავლით. ახლოში გვაქვს დიდი ოთახი, გვინდა სტუდია მოვაწყოთ, თუ ამას გავაკეთებთ იქ დახატავენ და აქ გადაიღებენ. ჯერჯერობით ადგილობრივ ხელისუფლებას არ მივმართავთ, ჩვენი ძალებით ვახერხებთ“, – ყვება დედა მარიამი.
ამ დღეებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის ეპარქიაში მულტიპლიკაციური ცენტრის „დროის გასაღებები“ ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართება.