თითქმის ერთი თვეა, რაც ჯავახეთის ახლად ასფალტირებულ ქუჩაზე ლუქი მთლიანად ჩამოინგრა. გასულ კვირას საქართველოს საგზაო დეპარტამენტიდან შევიტყვეთ, რომ პრობლემას ადგილზე გაცნობისთანავე მოაგვარებენ, მაგრამ.
ჯერ კიდევ 17 იანვარს Jnews-ი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს საგზაო დეპარტამენტს დაუკავშირდა. დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პავლე გამყრელიძემ სატელეფონო საუბარში თქვა, რომ საკითხი კვირის დასაწყისში მოგვარდება. დღეს საგზაო დეპარტამენტს იგივე პრობლემით მივმართეთ, საიდანაც გვიპასუხეს, რომ პრობლემა ახალქალაქის გაერთიანებულმა წყალმომარაგების სერვისცენტრმა უნდა მოაგვაროს.
„პრობლემას გავეცანი, ველაპარაკე წყალმომარაგების წარმომადგენელს და ორშაბათიდან ან სამშაბათიდან დაიწყებენ მუშაობას. ამის პარალელურად, ამ დღეებში ჩვენი თანამშრომლებიც ჩამოვლენ ახალქალაქში“, – თქვა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პავლე გამყრელიძემ.
გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას დავუკავშირდით, რათა გაგვეგო, კონკრეტულად როდის დაიწყება სამუშაოები. მათ პასუხს ჩვენს მომდევნო სტატიაში წარმოგიდგენთ.
აღსანიშნავია, რომ როდესაც ეს თემა პირველად 16 იანვარს წამოვაყენეთ, დავურეკეთ კომპანია „ჯავახავტოგზას“ და ახალქალაქის გაერთიანებულ წყალმომარაგებას, ორივე კომპანიამ გვიპასუხა, რომ ამ სამუშაოს შესრულება არ შედიოდა მათ პასუხისმგებლობაში. ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის აღნიშნულ ქუჩაზე რეაბილიტაცია გასულ წელს კომპანია „ჯავახავტოგზამ“ ჩაატარა, სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ფრთხილად! ჯავახეთის ქუჩაზე მძღოლების “ხაფანგია”
ჯავახეთზე ლუქების პრობლემა დეპარტამენტის ჩარევით მოგვარდება