2024 წლის „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თებერვალში დაიწყება. პრიორიტეტების შესარჩევად სოფლებში შეხვედრები 5 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მუნიციპალიტეტის სოფლებში პროგრამით გამოყოფილი თანხა მთლიანობაში 922 000 ლარია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში გაიმართება შეხვედრები, სადაც მოსახლეობა პროგრამიდან თანხების გამოყენებით შეარჩევს სამუშაოს, რომლის განხორციელებასაც ისურვებს.
64 სოფლიდან პირველ დღეს შეხვედრები სოფელ კოკიოში, ალასტანში, ვარევანში გაიმართება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი შეადგინა. შეხვედრებს უნდა ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრები ყოველდღიურად რამდენიმე სოფელში გაიმართება. მერიაში შეიქმნა დროებითი კომისიები მერიის და საკრებულოს თანამშრომლებისგან, რომლებიც უნდა დაესწრონ მოსახლეობასთან შეხვედრებს, შეადგინონ სამუშაოს ოქმი, მაგრამ არ ჩაერიონ პრიორიტეტების შერჩევაში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული სოფლის მხარდაჭერის ოროგრამის თანხა რამდენიმე წელია არ იცვლება და 922 000 ლარს შეადგენს.
ცვლილებები მხოლოდ პროგრამით დასაშვები სამუშაოების სიაში შევიდა, წელს მოსახლეობა პროგრამიდან თანხებს ამბულატორიების მშენებლობაზე ვერ დახარჯავს, რადგან ყველა ამბულატორია ეტაპობრივად “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს” გადაეცემა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყველაზე მცირე თანხა 10 000 ლარია, ყველაზე დიდი კი 20 000 ლარი. ასევე, მოსახლეობის მიხედვით, სოფლებს შეუძლიათ მიიღონ 12 000 ლარი ან 16 000 ლარი. თითოეულმა სოფელმა წელს იგივე თანხა მიიღო, რაც გასულ წელს.
„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა საქართველოში 2011 წლიდან, ორწლიანი შესვენებით (2017, 2018) ხორციელდება.