2023 წელი ნაყოფიერი იყო მუნიციპალიტეტის კულტურული სფეროსთვისაც. მუნიციპალიტეტს სხვადასხვა გამარჯვებები მოუტანეს ახალქალაქის მუსიკალური და სამხატვრო სკოლების, ასევე მუნიციპალიტეტის ცეკვის ანსამბლების მოსწავლეებმა.
ანსამბლმა “ჯავახკმა” ლამარა ქსპოიანის ხელმძღვანელობით წელს მონაწილეობა მიიღო ახალქალაქში 10-მდე ფესტივალში (“ჯავახეთის გაზაფხული”, “ეროვნული სამოსის” ფესტივალები, “ჯივანის დღე”, დამოუკიდებლობის დღე, ცეკვის საერთაშორისო დღე, დეკლამაციის ფესტივალი და სხვა დღესასწაულები), ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში – ბაკურიანში, ქობულეთში, თბილისში. სულ ახლახან, 9-19 დეკემბერს, ანსამბლი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდა და იქ დიპლომები და თასები მიიღო.
ახალქალაქის კულტურის სახლის დირექტორი ალიკ ქსპოიანი კულტურის სფეროში ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევს, რომ ბევრ სოფელში, მათ შორის, სადაც სოფლის კლუბი არ არის, მუდმივად მოქმედებს საცეკვაო ანსამბლები.
“ისინი არა მარტო ერევანსა და თბილისში ფესტივალებზე მონაწილეობენ, არამედ საზღვარგარეთაც მოგზაურობენ. წელს სოფელ კუმურდოს ანსამბლი ბულგარეთში გაემგზავრა”, – აღნიშნა ქსპოიანმა.
მუნიციპალიტეტის სოფლის ანსამბლის 7 ხელმძღვანელმა საცეკვაო ხელოვნების კავშირისგან ოქროს მედლები მიიღო, კიდევ 4 ხელმძღვანელმა – ორდენი.
ახალქალაქის სამხატვრო სკოლამ წელს გიორგობის დღესასწაულზე თელავში გამართულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც მოსწავლეები საპატიო სიგელებით დაბრუნდნენ. სკოლამ არაერთი გამოფენა გამართა ახალქალაქში, როგორც საკუთარ კედლებში, ასევე სხვა ღონისძიებებზე, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა დაახლოებით 4 თვე რემონტის პროცესში იყო. ახალქალაქის სამხატვრო სკოლაში 6 წლიდან 45 მოსწავლე სწავლობს.
2023 წელი ახალქალაქის მუსიკალური სკოლისთვისაც ნაყოფიერი იყო. სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ფესტივალში „მომავლის ვარსკვლავები“ ბათუმში, სადაც უკრავდნენ ორკესტრთან ერთად, სადაც სკოლას ჰყავდა 3 ლაურეატი და 2 პრიზიორი, ასევე ჟიურის 1 სიმპათიის პრიზი. გარდა ამისა, საქართველოდან პარიზში სულ 4 მუსიკოსი წავიდა, მათ შორის ახალქალაქის მუსიკალური სკოლის 2 მოსწავლე – არსენ კარაპტიანი და ანაჰიტ სტელმაშოვა (სკოლის ყოფილი მოსწავლე).
ანსამბლი „მურჯი“ წლის შედეგებს წარმატებულად აჯამებს. წელს ანსამბლს ახალი რეპერტუარი აქვს – ახალი დადგმების პრემიერები გამართეს. ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ანტალიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალშიც, სადაც 12 ქვეყნის წარმომადგენელი, 32 ანსამბლი იყო. გარდა ამისა, „მურჯი“ მონაწილეობდა საირმეში გამართულ ფესტივალში, სადაც საფრანგეთში ფესტივალზე მონაწილეობის საგზური მიიღეს – საქართველოდან მხოლოდ ისინი გაემგზავრებიან ამ საერთაშორისო ფესტივალზე პარიზში.
ანსამბლის დირექტორი გიორგი მეტრეველი წლის მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს, რომ უმცროსი ჯგუფი პირველად გამოვიდა დიდ სცენაზე.