ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციასთან არსებული ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების დეპარტამენტი ფინანსურ დახმარებას უწევს სოციალური ქულების მქონე პირებს, ობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს და სხვა. მერიის სოციალურ პაკეტში ორი ცვლილება შევიდა, რაც 2024 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
1. ოჯახში 1-ლი და მე-2 ბავშვის ერთჯერადი დახმარება გაიზარდა. 2024 წლიდან ოჯახი მერიისგან 350 ლარს მიიღებს 1-ლი ან მე-2 შვილის დაბადებისთვის, ანუ 100 ლარით მეტს, ვიდრე მიმდინარე, 2023 წელს.
მე-3 შვილის დაბადებიდან ერთჯერადი დახმარება რჩება 500 ლარი, როგორც აქამდე იყო, მე-4 ბავშვისთვის – 800 ლარი, მე-4 შვილის შემდეგ ყოველი მომდევნო ბავშვისთვის დახმარების ოდენობა იზრდება 300 ლარით.
2. ახალქალაქის სოციალურ პაკეტში მეორე ცვლილება მარტოხელა მშობლების უმაღლეს განათლებას ეხება. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე სტუდენტს, თუ ის ფასიანზე სწავლობს, შეუძლია მერიის ფინანსური დახმარების იმედი ჰქონდეს ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. ადრე 27 წლამდე მარტოხელა მშობლებს შეეძლოთ ესარგებლათ ამ დახმარებით. ბენეფიციარს სწავლის საფასურის 50%-ის თანადაფინანსება ეძლევა.
აღვნიშნავთ, რომ, 26 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სოციალური პაკეტის ოდენობამ 1 575 000 ლარი შეადგინა. 2023 წელს ეს თანხა 1 565 664,5 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის უშვილო ოჯახებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერების (ეკო) თანადაფინანსება, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, რაც ადრე ახალქალაქის საკრებულოში იყო განხილული, იანვრის დასაწყისიდან ჯერჯერობით ძალაში არ შედის. თუმცა მუნიციპალიტეტი ცენტრისგან შესაბამის გადაწყვეტილებებს ელოდება, რათა ის სოციალურ პროგრამაში შეიტანოს.