ახალქალაქის №2 რუსულ საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლიდან სომხური ენა არ ისწავლება, რადგან რუსული სკოლის სასწავლო გეგმაში სომხური ენა არ არის. ამან მშობელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. სკოლაში განმარტავენ, რომ პრობლემა სისტემურია და მოგვარდება.

სომხური ენა ახალქალაქის რუსულ სკოლაში 1994 წლიდან ისწავლება. მას მე-5-დან მე-12 კლასების მოსწავლეები სწავლობდნენ. საგანი არ ისწავლება 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან, ანუ სექტემბრიდან. თუ რატომ ზუსტად წელს გაირკვა, რომ რუსულ სკოლებში სომხურ ენას ვერ სწავლობენ, სკოლაში არ განგვიმარტეს. სკოლის დირექტორმა ანაიდ აბგარიანმა Jnews-ს აცნობა, რომ ეს გამოწვეულია სასწავლო გეგმის არარსებობით, თუმცა მათ სამინისტროს უკვე გაუგზავნეს წერილი საკითხის მოსაგვარებლად.

„ადრე ასწავლიდნენ არა სასწავლო გეგმის მიხედვით, არამედ ფაკულტიურად. თუ საგანი არ არის გათვალისწინებული სასწავლო გეგმაში, სკოლას არ აქვს მისი სწავლების უფლება. რუსული სკოლის სასწავლო გეგმაში სომხური ენა არ არის“ _ კომენტარი გააკეთა №2 საჯარო სკოლის დირექტორმა ანაიდ აბგარიანმა.

ხელმძღვანელობამ ოფიციალური წერილი აგვისტოში გაგზავნა. როგორც სკოლაში აცხადებენ, საკითხი მოგვარების პროცესშია.

„ეს საკითხი მოგვარებადია, სამინისტრო ამას აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას, ეს არ არის ერთი დღის საკითხი, ისინი მოგვარების გზებს ეძებენ, რომ სასწავლო გეგმაში ისეთი ცვლილებები შეიტანონ, რომ არავის პრობლემა არ შეექმნას. ეს აუცილებლად სკოლის სასარგებლოდ გადაწყდება, უბრალოდ დრო სჭირდება“, – აღნიშნა მან.

ამავდროულად, ანაიდის თქმით, ეთნიკური უმცირესობების ენად რუსული აირჩიეს, რადგან სკოლაში სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს, მაგრამ შემდგომში მისი სომხურად შეცვლა ვერ მოხერხდა. სკოლაში, როგორც პირველი უცხო ენა, ინგლისური ისწავლება.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის სომხურ სკოლებში რუსული ისწავლება. იქ სომხური ენა ითვლება ეთნიკური უმცირესობების ენად, ინგლისური პირველი უცხო ენაა, რუსული კი მეორე უცხო ენა.

„რუსული ენა ისწავლება მე-5-დან მე-12 კლასამდე, პირველი უცხო ენაა ინგლისური, მეორე რუსული. საგანი ფაკულტიურად არ ისწავლება, სასწავლო გეგმაში გვაქვს შეტანილი, ვასწავლით როგორც მეორე უცხო ენას“, – კომენტარს აკეთებს დემირჩიანის სახ. №4 სკოლის დირექტორი გაიანე იერემიანი.

ამ სკოლაში რუსული ენის სწავლება კვირაში 1 საათია.

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების მიხედვით, მე-5-დან მე-12 კლასების არაქართულენოვან სკოლებში ენის სწავლების საათები შემდეგნაირად ნაწილდება:

3-5 საათი ეთნიკური უმცირესობების ენაზე

3 საათი პირველი უცხო ენისთვის

0-2 საათი მეორე უცხო ენაზე.

„ეროვნულ უმცირესობათა ენას მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 საათი ეთმობა. უფრო მეტიც, თუ სკოლა გადაწყვეტს 1 ან 2 საათი დაუთმოს მეორე უცხო ენის სწავლებას, მაშინ მაქსიმუმ 3 საათი უნდა დაეთმოს მშობლიური ენის სწავლებას“, – ნათქვამია გეგმის კომენტარში.