სოფელი ზაკვი ახალქალაქიდან 16 კმ-ში მდებარეობს, სოფლის მოსახლეობა უამრავ პრობლემას აწყდება, რომლებიც დიდი ხანია არ გვარდება. საბჭოთა კავშირის დროს სოფელში 300-350 მეურნეობა იყო, შემდეგ ეს რაოდენობა 180-მდე შემცირდა, ხოლო ამჟამად, მოსახლეობის თქმით, სოფელში დაახლეობით 80-85 მეურნეობაა.
სოფელ ზაკში გაზი არის და სოფლისკენ მიმავალი გზა მოასფალტებულია, სოფელში არის სრული საშუალო სკოლა, სადაც მეზობელი სოფელ თირკნას ბავშვებიც დადიან. თუმცა, ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც აწუხებს მოსახლეობას.
“ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა სოფლის შიდა გზები, ასევე განათება, თუ რამე დაზიანდება, არავინ უვლის და არ ცვლის. ასევე სოფლის ნაწილს წყალი არ აქვს, ტუმბოებით ვტუმბავთ, ძლივს აღწევს“, – კომენტარი გააკეთა სოფლის მცხოვრებმა არტურ ღაზარიანმა.
სოფლის ძირითადი ნაწილი წყალს იხტილადან წყალსადენით იღებს, მაგრამ არის 11-მდე სახლი, რომლებიც სოფლის სკოლის ტერიტორიიდან ამოტუმბავს წყალს. მოსახლეობა იძულებულია გამოიყენოს ტუმბოები, რომლებიც ექსპლუატაციის მიხედვით იწვება.
რაც შეეხება სოფლის განათებას, 2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით გამოყოფილი 12 000 ლარის ოდენობით გარე განათება დამონტაჟდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, განათებას არავინ აკონტროლებს.
სიფელ ზაკვის მოსახლეობა მაღაზიის არარსებობასაც უჩივის. ადრე გამყიდველები სოფელში მოდიოდნენ მანქანებით, მაგრამ ახლა ეს პრაქტიკა იშვიათობაა, და მოსახლეობას ახლომდებარე საბითუმო მაღაზიებში უწევს ვაჭრობა.
საკრებულოს დეპუტატმა ზაკვის ტერიტორიული ოლქიდან ჰამლეტ მოვსისიანმა აღნიშნა, რომ გზის გასწორება წელს იგეგმებოდა, თუმცა ამინდის პირობებმა ამის საშუალება არ მისცა. მისი თქმით, მომავალ წელს გზა ნამდვილად მოსწორება, ხოლო თუ მოხერხდება, ასფალტიც დაიგება.
“გზა გრეიდერით უნდა გასწორებულიყო, მაგრამ ამინდმა ამის საშუალება არ მისცა. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს იქნება, ასფალტის დაგებაზეც არის საუბარი. ვნახოთ, თუ ფინანსები იქნება, გააკეთებენ”, – კომენტარი გააკეთა მან
განათების მომსახურებასთან დაკავშირებით მოვსისიანმა აღნიშნა, რომ ამ სერვისების მისაღებად სოფელში მერის წარმომადგენელმა ახალქალაქის სერვის ცენტრში განცხადება უნდა დაწეროს.
„ტენდერში გამარჯვებულმა 2 წელი უნდა მოემსახუროს, 2 წლის შემდეგ ამას უკვე ახალქალაქის სერვისცენტრი წყვეტს, თუ განცხადებას დაწერენ, უნდა გამოასწორონ“, – დაამატა მან.