გარემონტდება თუ არა ახალქალაქის კულტურის სახლი, რომლის გამოყენებაც სრულყოფილად შეუძლებელია და რამდენი თანხაა საჭირო ამისათვის. რისი გაკეთებაა საჭირო დაწესებულებაში, რომელიც მშენებლობის დღიდან ახალქალაქის კლიმატის პირობებში არ არის ვარგისი.

ახალქალაქის კულტურის სახლი, მიუხედავად სახელწოდების, ზომებისა და ადგილმდებარეობის მნიშვნელობის, გამოიყენება უკიდურესად შეზღუდულად. დიდი საკონცერტო დარბაზი წელიწადში 2-3 თვის გამოკლებით დიდ მაცივარს გვახსენებს. ხოლო დანარჩენი დაწესებულება ან არ გამოიყენება, ან გამოიყენება, მაგრამ ელემენტარული პირობების გარეშე.

2016 წლის ერთ-ერთი სიურპრიზი იყო ის, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაზაფხულზე 5 966 000 ლარის ოდენობით დამატებითი საგადასახადო შემოსავალი გაჩნდა. 2016 წლის 29 ივლისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამმართველოში საჯარო განხილვები გაიმართა თემაზე «რაზე დაიხარჯოს დამატებითი დაფინანსება». განხილული პოტენციური პროექტების სიაში ახალქალაქის კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაციის პროგრამა მოხვდა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. მაშინ, თავდაპირველად კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე გათვალისწინებული იყო 1 500 000 ლარის გამოყოფა. თუმცა, თანხა სულ უფრო მცირდებოდა და საბოლოოდ ახალქალაქის კულტურის სახლი ადგილობირვი ხელისუფლების პრიორიტეტებიდან საერთოდ გაქრა.

«უბედური» შენობა თავიდანვე დაგმეს. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ახალქალაქის მკაცრ კლიმატურ პირობებში ტიპიური სუბტროპიკული შენობის გათბობა შეუძლებელი იყო, ხოლო რემონტი და რეაბილიტაცია წლებთან ერთად მწყობრიდან გამოსული უზარმაზარი შენობის შეკეთება ადგილობრივმა ბიუჯეტმა ვერ მოახერხა. შენობაში არ არის ელემენტარული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, სველი წერტილი. მთელს შენობაში სიცივე მეფობს, მიუხედავად იმისა, რომ შენობაში გათბობა გაყვანილია.

ახალქალაქის კულტურის სახლის შენობა არც წელს იქნება რეაბილიტირებული. მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტისთვის 5 მილიონი ლარის გამოყოფას ვერ მოახერხებს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება შენობის ნაწილობრივი მოწესრიგების დაპირებას იძლევა.

«გეგმები გვაქვს, ჩვენ ამის შესახებ ვფიქრობთ, მაგრამ კულტურის სახლის კონკრეტული რეაბილიტაცია 5 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. კულტურის სახლის გარემონტებისთვის ამჟამად 5 მლნ ლარის დახარჯვის შესაძლებლობა არ გვაქვს. შიგნით არის ტუალეტების, დაწესებულებების პრობლემა, ნელნელა მოვაწესრიგებთ, გარეგნულად შევცვლით, ფანჯრებს გამოვცვლით, მოვაწესრიგებთ, მაგრამ სრულ რემონტზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ»,- ამბობს ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი.

ამასობაში კულტურის სახლში ძალიან იშვიათად ტარდება ღონისძიებები, კონცერტები ან მუნიციპალური ცეკვის ანსამბლები, გარდა «ჯავახკ» ანსამბლის, მეცადინეობებს შენობის გარეთ ატარებენ. საშინელ მდგომარეობაშია ასევე ბიბლიოთეკაც, რომელიც იმავე შენობაში მდებარეობს. მართალია იქ რემონტი ჩატარდა, მაგრამ წიგნებისთვის გათბობის და არაშესაფერისი პირობების პრობლემა ამით არ მოგვარებულა.