Jnews-ის სტატიას – “მუნიციპალური ორგანიზაციების სამუშაო, ხარჯები და ხელფასები” გამოხმაურება მოჰყვა. კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ სტატიაში გამოქვეყნებული ხელფასები არ შეესაბამება სინამდვილეს. Jnews-ი შეეცადა ვითარებაში გარკვევას.
კერძოდ, ბევრი იყო გამოხმაურება, რომ სტატიაში გამოქვეყნებული საბავშვო ბაღის აღმზრდელთა ხელფასის ოდენობა არ შეესაბამება მათ მიერ მიღებულ რეალურ თანხას. ასევე იყო გამოხმაურებები, რომ მუსიკალური სკოლის მასწავლებლები არ იღებენ სტატიაში აღნიშნულ 465 ლარს. დანარჩენ გამოხმაურებებში არ არის მითითებული კონკრეტული პრობლემები.
საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულების ხელფასების შესახებ ინფორმაცია Jnews-მა ახალქალაქის მერიიდან მიიღო. ამ ინფორმაციით, ერთი აღმზრდელის ხელფასი 600 ლარია. საბავშვო ბაღის აღმზრდელები აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ისინი იღებენ არა 600 ლარს, არამედ 450 ლარს. როგორც გაირკვა, მერიის მიერ გათვალისწინებულ ბიუჯეტში გათვლილია, რომ ერთ ჯგუფში 2 აღმზრდელი მუშაობდეს, ერთი სრულ განაკვეთზე და 600 ლარს მიიღებს, მეორე ნახევარ განაკვეთზე და 300 ლარს მიიღებს. მაგრამ ასოციაციამ თანაბრად გაყო როგორც მთლიანი თანხა, ასევე სამუშაო საათების რაოდენობა, რის შედეგადაც აღმზრდელები 4,5 საათიანი სამუშაოსთვის 450 ლარს იღებენ.
საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, ანაიდა ასატურიანი განმარტავს:
“პედაგოგების ხელფასები არ არის სრული, არამედ 0,75%. აღმზრდელები ფინანსებში ვერ ერკვევიან და იფიქრეს, რომ 600 ლარი მათი ხელფასია. აღმზრდელები იღებენ 450 ლარს”, – თქვა ანაიდა ასატურიანმა.
მუსიკალურ სკოლასთან დაკავშირებით დირექტორმა განმარტა, რომ მუსიკალური სკოლის მასწავლებლების ხელფასი დამოკიდებულია მასწავლებლის კატეგორიაზე, სამუშაო საათების რაოდენობაზე და თითოეულ შემთხვევაში ცალ-ცალკე განისაზღვრება.
“საშუალო ხელფასი ნამდვილად დაახლოებით 430-450 ლარია. ზოგი მეტს იღებს, ზოგი ნაკლებს, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი საათი მუშაობს. მასწავლებლების ხელფასი 230 ლარიდან 530 ლარამდეა”, – განმარტა მუსიკალური სკოლის დირექტორმ,ა სვეტლანა კაროიანმა.