ინდმეწარმე კარენ სიმონიანი ახალქალაქში რძის პროდუქტების წარმოებით არის დაკავებული. მან იზრუნა, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, მაგრამ ჯერჯერობით პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას არ აპირებს.
კარენ სიმონიანი რძის პროდუქტებს უკვე 15 წელია აწარმოებს. მან მიიღო ევროპული გრანტი ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და გაფართოების პროგრამით LAG -ი. 2019 წელს 119 000 ლარის პროექტი მოიგო, საიდანაც 68 600 ლარი გრანტი იყო, დანარჩენი თვითდაფინანსება. პროექტის მიხედვით, ჭყინტი ყველის შესანახად ახალი შენობა ააშენეს, შექმნეს შეფუთვა, ასევე 2 მანქანა იყიდეს ყველის ტრანსპორტირებისთვის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ახლა ძროხის რძის მაღალი მოსავალია. ეს სეზონი სექტემბრამდე გრძელდება. ყველისა და რძის პროდუქტების მწარმოებლებს ახალქალაქში ახლა ცხელი სეზონი აქვთ. ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი რძე მიიღონ და რაც შეიძლება მეტი ყველი დაამზადონ.
ყველის წარმოებისთვის კარენ სიმონიანი რძეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყიდულობს. ეს სოფლებია: ოკამი, ბუგაშენი, აფნია, სულდა, ყუმურდო, ალათუმანი. 1ლ რძეში 1,5 ლარს იხდის. ყოველ დღე 600 კგ ყველი ამოჰყავთ. 8,5 ლ რძიდან 1კგ ყველი ამოდის.
კარენ სიმონიანის თქმით, წლეულს რძეს ძვირად ყიდულობენ და შესაბამისად, აიწია ყველის ფასმაც. 1 კგ ყველს 14,5-15 ლარად ყიდიან. ზამთარში რძეს ძირითადად მსხვილი ფერმერებისგან ყიდულობენ. მცირე ფერმერებს ზამთარში რძე საკუთარი მოხმარებისთვის სჭირდებათ და ძალიან იშვიათად ყიდიან.
“დღეში 6-7 ტონა რძეს ვიღებთ. პროცესში ვყიდით ყველს, მაგრამ ძირითადად ვინახავთ შემდგომში გასაყიდად. გარდა ჩვეულებრივი ყველისა, ვამზადებთ ყველის შემდეგ სახეობებს “ლორსა” და “გაუდას. მათ თაროებზე ვაშრობთ, ეს მშრალი ყველია. ამ ყველის დასამზადებლად გრანტზე შევიტანეთ პროექტი და ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენს მიზანს მივაღწიეთ”, – ამბობს კარენ სიმონიანი.
დამზადებულ ყველს მეწარმე საქართველოში ყიდის და ჯერჯერობით მის საზღვარგარეთ გატანაზე არ ფიქრობს. მისი პროდუქტი შეესაბამება НАССР-ის (Hazard Analysis and Critical Control Point) სტანდარტს, რაც პროდუქტის ექსპორტირების საშუალებას იძლევა.
საქართველოში 2021 წლის 1 ივნისიდან გახდა სავალდებულო გახდა HACCP-ის (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული კონტროლის წერტილის) სტანდარტის დაცვა იმ ბიზნეს ოპერატორებისთვის, რომლებიც საკვებს საცალო ობიექტებში აწარმოებენ ან ამუშავებენ.
„ჩვენი ყველი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ მე არ დავინტერესებულვარ რა საბუთებია საჭირო ექსპორტისთვის, ჯერ არ მჭირდება, ჯერჯერობით ქართული ბაზარი მაკმაყოფილებს, ექსპორტისთვის კომპანიონი მჭირდება, რომელიც დამეხმარება. მე მწარმოებელი ვარ, არ შემიძლია ორივე საქმე ერთდროულად გავაკეთო“, – ამბობს კარენ სიმონიანი.
ამბობს, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებს თუ ვინმე ექსპორტით არის დაკავებული, რადგან ამ საქმეს დრო სჭირდება, თავისუფალი დრო კი არ აქვს.
წარმოების 15 წლის განმავლობაში, კარენ სიმონიანი პროგრესის მხრივ ძალიან შეიცვალა, ცდილობს თვალყური ადევნოს თანამედროვე ტენდენციებს. როგორც კარენი ამბობს, მის პროდუქციაზე ახალქალაქშიც და მთლიანად საქართველოში დიდი მოთხოვნაა, ამიტომ ახალ ბაზრებზე ჯერჯერობით არ ფიქრობს. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ პროდუქციის ექსპორტზე ფიქრი დაიწყოს, მაგრამ ახალქალაქის ყველის წარმოებაში ეს სხვა ეპოქა იქნება.