საქართველო საკუთარი მოქალაქეების მიღებას აგრძელებს, მაგრამ კარანტინი ყველამ აუცილებლად უნდა გაიაროს. გუშინ სახელმწიფოს ცხელი ხაზის სამსახურიდან Jnews-ს შეატყობინეს, რომ თვითიზოლირებაც არის შესაძლებელი, თუკი პირი ფლობს ბინას და სახლში მარტო დარჩენა შეუძლია. დღეს დაავადებათა კონტროლიდან და ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან Jnews-ს განუმარტეს, რომ თვითიზოლირება აღარ არის და კარანტინი ყველამ სავალდებულოდ უნდა გაიაროს.
Jnews-ის მიერ გამოქვეყნებული გუშინდელი სტატიის შემდეგ, ბევრმა მოქალაქემ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიმართა. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ავეტიკ ტონაკანიანი განმარტავს:
«ყველა მოქალაქისათვის, ვინც ჩამოდის ამ ქვეყნებიდან, ძირითადად, სომხეთი-1, რუსეთი-2, აზერბაიჯანი-3 და თურქეთი-4, კარანტინი სავალდებულოა, მათთვის თვითიზოლირება არ არის. მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი დონის მქონე ქვეყნებიდან ჩამოდიან, თვითიზოლირება არ ეხებათ, მათ სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ. მე პაატა იმნაძეს დავუკავშირდი, მან მაცნობა, რომ თვითზიოლირება არ არის, ეს პირები ვალდებულნი არიან 14 დღიანი კარანტინი გაიარონ. მე-13 დღეს ტესტი ჩაუტარდებათ და ამის შემდეგ ისინი კარანტინიდან გათავისუფლდებიან»,- განმარტა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა.
ვითარების გასარკვევად Jnews-მა დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიმართა, სადაც აცნობეს, რომ თვითიზოლირება აღარ იქნება. იყო, თუმცა უკვე გაუქმდა. შეკითხვაზე, თუ როდის გააუქმეს, კონკრეტული თარიღები ვერ დაასახელეს.
«ინფორმაციის თანახმად, ამჟამად ყველამ უნდა გაიაროს კარანტინი, ახლა თვითიზოლირება აღარ არის, ის გაუქმდა, მაგრამ არის გამონაკლისებიც. მაგალითად, პატარა ბავშვი თავის თავზე ზრუნვას ვერ შეძლებს ან მძიმე დაავადებების მქონე ადამიანი, რომელიც თავს დამხმარეს გარეშე ასევე ვერ გაუმკვლავდება. ასეთ შემთხვევებში თვითზიოლირების განაცხადი ივსება, შემდეგ მათ საქართველოს ჯანდასცის სამინისტროს უნდა მიმართონ, დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩვენი წარმომადგენლები მიდიან და ადგილს ამოწმებენ, რის შემდეგაც ადამიანს საკუთარ სახლში თვითიზოლირება შეეძლება. საქართველოში დაბრუნებულ დანარჩენ მოქალაქეებს კარანტინში მოათავსებენ. თუ სად გაივლიან კონკრეტულად კარანტინს დამოკიდებულია იმაზე, სად იქნება თავისუფალი ადგილები»,- განმარტეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან.
ამავდროულად აღნიშნეს, რომ არ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც დაბრუნების შემთხვევაში მოქალაქეებს კარანტინში არ ათავსებენ, ეს წესი ყველაზე ვრცელდება.
გამონაკლისის სახით თვითიზოლირებისათვის მოქალაქემ საქართველოში დაბრუნებამდე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართოს. მან თვითიზოლირების ბლანკი უნდა შეავსოს, რათა დაბრუნებამდე მისი საცხოვრებელი ადგილი იქნეს შემოწმებული. განაცხადის შესავსებად პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს: info@moh.gov.ge და დაავადებათა კონტროლის ცენტრს: pr.ncdc@ncdc.ge.