1 ნოემბერს, საკრებულოს ანგარიშის წარდგენას ახალქალაქის მერი და მერიის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ერთი წლის შედეგები საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა წარადგინა.
„გვყავს 42 დეპუტატი, 5 კომისია და 2 ფრაქცია. აპარატში მუშაობს 10 და ხელშეკრულებით 5 ადამიანი. წლის განმავლობაში 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ნოემბრამდე 20 ბიუროს შეკრება ჩავატარეთ, 15 სხდომა. გვქონდა 26 ნორმატიული აქტი, 38 განკარგულება და 98 ბრძანება. საკრებულომ მიიღო 140 წერილი, 17 საჯარო ინფორმაციას ეხებოდა. ყველა წერილზე პასუხი გაეგზავნა“, – თქვა მან.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა აღნიშნა, საკრებულოს სახელფასო ფონდი 2022-2023 წლებში 10%-ით გაიზარდა (2022 წელს 16 000 ლარი და 2023 წელს 22 000 ლარი). პრემია აპარატის თანამშრომლებმა წელიწადში ერთხელ მიიღეს. რაც შეეხება საკრებულოს ბალანსზე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს, ასეთია 2, ერთით სარგებლობს თავმჯდომარე, მეორეთი – დეპუტატი. საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილზე თვეში 300 ლიტრი ბენზინი, ხოლო საკრებულოს დეპუტატის ავტომობილზე 200 ლიტრი ბენზინი გამოიყოფა. საოფისე ხარჯები გაიზარდა 40200 ლარიდან (2022) 42780 ლარამდე (2023 წ.). ასევე გაიზარდა მივლინების თანხა 2000 ლარიდან 5000 ლარამდე (ადრე დღიური ანაზღაურება იყო 15 ლარი, ახლა 30 ლარი).
„ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე გავგზავნეთ წერილები სხვადასხვა სამინისტროებში, საელჩოებში, გუბერნიაში. მთელი წლის განმავლობაში ჩავატარეთ სხვადასხვა სამუშაოები, ასევე შევხვდით მოსახლეობას, სკოლის მოსწავლეებს – მოვუყევით, როგორ მუშაობს მერია და საკრებულო. განცხადებებს, რომლებსაც საკრებულო იღებს, ხშირად ვაგზავნით კომისიაში, შემდეგ ბიუროში, შემდეგ სხდომაზე, ერთი წლის განმავლობაში განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მივიღეთ სხვადასხვა გადაწყვეტილებები, დავამტკიცეთ მიწის ფასი, ბიუჯეტში ცვლილებები შევიტანეთ, სპორტულ მოედნებთან, სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით და ა.შ.. ასევე მოგვმართეს პეტიციით ადგილობრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რათა მიკროავტობუსებმა იმოძრაონ სოფლებში და ქალაქში. გადაწყდა ერთი ხაზის გაშვება, თუ შედეგი კარგი იქნება, ვიმედოვნებთ, რომ ვიმუშავებთ მიკროავტობუსების სხვადასხვა მიმართულებით დანერგვაზე“, – თქვა ნაირი ირიციანმა.
მოხსენებით 4 კომისიის თავმჯდომარეც გამოცხადდა, მე-5 კომისიის თავმჯდომარე არ იმყოფებოდა. ანგარიში ასევე მომზადდა ახალქალაქის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს მიერ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მადლობა გადაუხადა მერიას ნაყოფიერი მუშაობისთვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს აქტიური თანამშრომლობისთვის.
როგორც ახალქალაქის მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი მხრიდან დეტალურ ანგარიშს ელოდებიან.