3 ნოემბერს, 15:00 საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, „სამოქალაქო ბიუჯეტირება 2023“-ის ფარგლებში წარმოდგენილი იდეებიდან პრიორიტეტული პროექტის შესარჩევად ფარული კენჭისყრა გაიმართება. ამის შესახებ ახალქალაქის მერიის ოფიციალურ Facebook გვერდზეა ნათქვამი.

ქალაქის მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი 4 პროექტიდან კენჭისყრისთვის არჩეული იყო ორი – „ინტერაქტიული ბილბორდი ახალქალაქის განვითარებისთვის“ და „საათი“. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტები ფინანსური, სამართლებრივი და ტექნიკური თვალსაზრისით საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

აღვნიშნავთ, რომ განცხადებაში არ არის მოცემული პროექტების დეტალური აღწერა, რაც მკითხველს არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, განცხადება გამოქვეყნდა 1 ნოემბრის საღამოს, ანუ არჩევნებამდე ორი დღით ადრე. თავად პროექტების შესახებ მეტი ინფორმაცია არ გავრცელებულა და ზოგადად საინფორმაციო კამპანია, რომელიც სამოქალაქო ბიუჯეტის ერთ-ერთი კომპონენტია, შემოიფარგლა მერიაში შეხვედრით, რომელსაც ძირითადად ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები ესწრებოდნენ, რიგითი მოქალაქეების მასების მონაწილეობის გარეშე.

როგორც „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა მკრტიჩ მღდესიანმა აღნიშნა, თავიდან კენჭისყრა ელექტრონულად უნდა განხორციელებულიყო, შემდეგ კი გადაწყდა, რომ ის ოფლაინ რეჟიმში ჩატარებულიყო.

„ონლაინ კენჭისყრას ვერ ჩავატარებთ, რადგან თითოეული ხმის გადამოწმება მოგვიწევს, რომ ეს არ იყოს ყალბი გვერდები“, – აღნიშნა მღდესიანმა.

Jnews-მა გადაწყვიტა კენჭისყრაზე წარდგენილი პროექტების ავტორებთან ესაუბრა და გაეგო რას წარმოდგენს მათი იდეები.

„საათის“ პროექტის ავტორმა შუშან შირინიანმა Jnews-ს უთხრა, რომ მისი პროექტი გულისხმობს დიდი საათის დამონტაჟებას ქალაქის ცენტრში, მაშტოცის ძეგლთან. შესაძლებელია როგორც საათის, ისე თერმომეტრის დაყენება – ეს მერიის შეხედულებისამებრ დარჩება. მისი თქმით, საათი სასარგებლო იქნება როგორც ტურისტებისთბის, ისე სოფლის მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც ქალაქში ყოფნისას ხშირად სჭირდებათ საათი.

“დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ყოველთვის მომწონდა ასეთი საათები. სტუმრების ყურადღებას იპყრობს, ქალაქს ამშვენებს. ვიფიქრე, რომ ჩვენს ქალაქშიც ლამაზი იქნებოდა”, – აღნიშნა მან.

მეორე პროექტის – „ინტერაქტიული ბილბორდის“ – დამონტაჟებაც იგეგმება ქალაქის ცენტრში, შესაძლოა კულტურის სახლის კედლებზე – სპეციალისტებმა უფრო დეტალურად უნდა გადაწყვიტონ, რომ მზემ ეკრანი არ დააზიანოს. როგორც პროექტის ავტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ცხოვრება“ არმენ ირიციანის ხელმძღვანელობით აღნიშნავს, ბილბორდის კონტენტს მერია დაარეგულირებს.

„იქ შესაძლებელია იმის ჩვენება თუ რა ხდება მუნიციპალიტეტში, მაგალითად, ახლახან გვქონდა ჭადრაკის ტურნირი, ფეხბურთის ჩემპიონატი, შეგვეძლო ეს ყველაფერი გვეჩვენებინა ეკრანზე, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ახალგაზრდობა დაინტერესდებიან. გვინდა ხალხმა ნახოს რა ხდება მუნიციპალიტეტში“, – კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი პროექტის ინიციატორმა.

შეგახსენებთ, რომ მერიაში თავდაპირველად მოქალაქეების 4 ინიციატივა შევიდა: ქალაქის საათი, ინტერაქტიული ბილბორდი, მდინარე ფარავნის მიმდებარედ სანაპიროს მოწყობა, ქალაქ ახალქალაქის მისადგომზე სადამკვირვებლო მოედანი. ბოლო ორი პროექტი კომისიის წინასწარ სხდომაზე „ტექნიკური შეუსაბამობის“ გამო აღმოიფხვრა. აღვნიშნავთ, რომ პროექტების ავტორებს თავიანთ იდეებზე უკუკავშირი და ტექნიკური დისკვალიფიკაციის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ.

მიმდინარე წლის აგვისტოდან ახალქალაქში „საზოგადოების გაძლიერება სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრული მონაწილეობისთვის“ პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც რიგით მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მუნიციპალური ბიუჯეტირების პროცესში.

პროექტის მიხედვით, ქალაქ ახალქალაქში რეგისტრირებულ და/ან ფაქტიურად მცხოვრებ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლო შეეთავაზებინა იდეა, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის ზოგადი გაუმჯობესების განვითარებას. ინიციატივების ბიუჯეტი არ უნდა ყოფილიყო 30 000 ლარზე მეტი.

Jnews-ი თანმიმდევრულად აკვირდებოდა პროექტის განხორციელების პროცესს. აღვნიშნავთ, რომ ინიციატივის მიზანია არა იმდენად პროექტების განხორციელება, რამდენადაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის დამყარება და სამოქალაქო მონაწილეობა. თუმცა, ასეთი კომუნიკაცია ჯერ არ მომხდარა პროექტის არცერთ ეტაპზე. პროექტის შესახებ ახალქალაქის ვებგვერდზე და ადგილობრივი თვითმმართველობების სოციალურ ქსელებში თავიდანვე არ იყო გამოცხადებული, ანუ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის გარკვევის შესაძლებლობა. გარდა ამისა, HEKS EPER-ისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მხარდაჭერის ცენტრის (SCCSF) წარმომადგენლებთან პოტენციური იდეების საჯარო განხილვისას, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ასევე არ გავრცელებულა მოსახლეობაში, ამიტომ მას ძირითადად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.