ახალქალაქის მუნიცოპალიტეტის 76 ცალი პლასტმასის ნაგვის ურნა აუქციონზე იქნება გატანილი. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30 ოქტომბრის სხდომაზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კუთვნილი პლასტმასის სანაგვე ურნები გასხვისებას დაექვემდებარება. რატომ ყიდულობს მუნიციპალიტეტი ერთი მხრივ ნაგვის ურნებს, მეორე მხრივ კი ყიდის მათ, განმარტა ახალქალაქის სერვის ცენტრის უფროსმა მხითარ რსტაკიანმა.
“ეს არის ის ურნები, რომლებიც სოფლებში იყო დამონტაჟებული, რომელშიც გაფუჭებულ კარტოფილს ყრიდნენ. ისინი დაზიანდა, გატყდა. ან ისინი, რომლებიც მანქანების დაჯახების შედეგად დაზიანდა… ყველა გატეხილი ურნაა, რომლებიც შეუძლებელია შეკეთება. ურნები, რომელთა შეკეთებაც შესაძლებელი იყო, შევაკეთეთ. დაზიანებულ ურნებს აუქციონზე გავიტანთ, გაიყიდება, როგორც პლასტმასი, პლასტმასის მყიდველები არის”,- თქვა მან.
მოსახლეობა ძალიან ხშირად უყურადღებოდ ექცევა მუნიციპალოტეტის ქონებას. ზიანდება ყველაფერი დაწყებული სკამებიდან, საბავშვო ატრაქციონებიდან, ნაგვის ურნებამდე, რომლებსაც ხშირად განზრახ ამტვრევენ და წვავენ.