დღეს, 18 ოქტომბერს, ახალქალაქში “მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში” პროექტის ფარგლებში მე-3 შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ფარგლებში 14-დან 22 წლამდე ახალგაზრდებს უჩვენებენ 7 დოკუმენტურ ფილმს ჟურნალისტიკის, სოციალური მედიის, პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და მედია სფეროს სხვა გამოვლინებების შესახებ. ყოველი ტრენინგის ბოლოს მოკლე ლექციებისა და ინტერაქტიული დავალებების საშუალებით მონაწილეები სწავლობენ თუ როგორ დამოუკიდებლად განასხვავონ ინფორმაციის არასანდო წყაროებს სანდო წყაროებისგან, კრიტიკულად შეაფასონ ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაცია, თავიდან აიცილონ კიბერ საფრთხეები.
„პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ციფრული მარკეტინგის, ინტერნეტ-უსაფრთხოების, დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე. დღეს ჩატარდა OWIS-ის მედიაწიგნიერების ვორკშოპი. მთელი ეს პროცესი იყო საინტერესო, ინფორმაციული და შინაარსიანი. დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ აქტივობებში, იმსჯელეს თუ რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს ინტერნეტ სივრცეში და რა წესები უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ ვიყოთ დაცული“, – კომენტარი გააკეთა პროექტის მენეჯერმა თეონა ფურცხვანიძემ.
“ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ განხორციელებულ პროექტში მონაწილეობენ ქალაქიდან და სოფლებიდან 14-დან 22 წლამდე ახალგაზრდები. პროექტის მიზანია კრიტიკული აზროვნების განვითარება და ასევე ინფორმაციის მიწოდება პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და მათთან ბრძოლის მეთოდების შესახებ. მონაწილეთა მეშვეობით მიღებული ცოდნა უფრო მეტად ვრცელდება საზოგადოებაში, რადგან ბავშვები უზიარებენ მას მეგობრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნა ახალქალაქის LAG-ის თავმჯდომარემ სერგეი ხაჩატრიანმა.
პროექტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეთმობა დოკუმენტური ფილმების ჩვენებას და განხილვას, ხოლო მეორე ნაწილში მონაწილეები ახალგაზრდულ მედია-ინიციატივებს განახორციელებენ.
პროექტს ჩეხური ორგანიზაცია “People in Need” რადიო მარნეულთან ერთად, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ხორციელდება ქველო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში. საპროექტო ტერიტორია მოიცავს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს. ახალქალაქში პროექტს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი(LAG) ახორციელებს.