ბოლო დროს აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში საბავშვო პარკი აშენდა. თუმცა იქვე მდებარე მინი-სტადიონი რემონტს საჭიროებს. ადგილობრივი ხელისუფლება მის გარემონტებას გვპირდება.

აღმაშენებლის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში, მყუდრო პარკი აშენდა საბავშვო მოედნით . ბავშვებს ძალიან უხარიათ დროის გასატარებელი ახალი ადგილის გამოჩენა, უფროსებს კი ადგილი გაუჩნდათ, სადაც შეუძლიათ სიარული ან ჯდომა თბილ საღამოებზე. ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდები, რომლებიც ადრე ჩიოდნენ, რომ სათამაშო ადგილი არსად აქვთ, ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ, პარკის მიმდებარე ფეხბურთის მინი-სტადიონი გაარემონტონ. ის საშინელ მდგომარეობაშია. მინი-სტადიონის მწვანე საფარი ქუჩაში გდია, ტალახში, ბადეები დახეულია. სტადიონი რამდენიმე წლის წინ აშენდა, მაგრამ ძალიან მალე გამოვარდა მწყობრიდან, ბიჭები არ იყენებენ მას და იძულებულნი არიან ფეხბურთის თამაშისთვის სხვა ადგილები მოძებნონ.

გასულ წელს ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა გვაცნობა, რომ მინი-სტადიონის რეაბილიტაცია 2022 წელს იგეგმებოდა, მაგრამ კორპუსის მცხოვრებლებმა, რომელებიც პირდაპირ სტადიონის გვერდით ცხოვრობენ, ღამით უხამსი სიტყვებისა და ყვირილის გამო საჩივარი დაწერეს და სთხოვეს, რომ აღნიშნული სტადიონის რეაბილიტაცია არ მოეხდინათ. თუმცა, მაშინ მერი დაჰპირდა, რომ მოეწყობა ადგილი, სადაც ბავშვები ითამაშებენ. ახლა მრავალსართულიანი შენობების მოზარდები ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ მინი-სტადიონის რეაბილიტაციას, სადაც მათ უსაფრთხოდ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში ტრავმების მიღების გარეშე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის არა მოვსისიანის თქმით, მინი-სტადიონი მომავალ წელს გარემონტდება.

„პროექტი უკვე გვაქვს და 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია მინი-სტადიონის რეაბილიტაცია. შეიცვლება ბადე, იქნება ბეტონი, საფარი და განათება“, – თქვა მან.