ახალქალაქში „მომავლის სახლის“ სარემონტო მუშაობები უკვე დასასრულს უახლოვდება. ძირითადად, შენობის შიდა მოპირკეთების სამუშაოები ჩატარდა.
სარემონტო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კერძო მეწარმეებმა სერგეი ჩოლიახიანმა და აშოტ კარახანიანმა, ამ უკანასკნელმა ტენდერი 63 737 ლარის ოდენობით მოიგო.
მომავლის სახლის დირექტორი სათენიკ მაჰტესიანი შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილია და იმედს გამოთქვამს, რომ გაკვეთილები ერთ კვირაში განახლდება.
„ძალიან კმაყოფილი ვართ შესრულებული სამუშაოთი, ახლა ველოდებით დარბაზში სკამების დამონტაჟებას და ჩვეულ რეჟიმში დავიწყებთ მეცადინეობას. თითქმის დაასრულეს, შეცვალეს იატაკი, ჭერი, კედლები გაასწორეს, ახალი სცენა დაამონტაჟეს და ის უფრო მაღალი და დიდი გააკეთეს, კარი შეცვალეს“, – გვიზიარებს სათენიკ მაჰტესიანი.
ინდ. მეწარმე აშოტ კარახანიანმა, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, გვაცნობა შემდეგი:
„ფინალურ ეტაპზე ვართ, ჭადრაკის სკოლაც გავარემონტეთ. მომავლის სახლში რჩება მხოლოდ მაყურებლისთვის გათვალისწინებული ადგილების დამონტაჟება და სულ ეს არის“.
აღვნიშმავთ, რომ 2006 წლიდან “პიონერთა სახლის” ყოფილი შენობა “მომავლის სახლის” სახით ფუნქციონირებს. ძველ შენობაში რემონტი ეტაპობრივად და ნაწილ-ნაწილ განხორციელდა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვები სწავლობენ მძივების დამზადებას, ხელნაკეთობას, თოჯინების დამზადებას და ასევე ენებს, სხვადასხვა დღესასწაულზე იმართება ღონისძიებები. მომავლის სახლის სხვადასხვა კლუბში რეგისტრირებულია სხვადასხვა ასაკის 220 ბავშვი.