ქალაქ ახალქალაქის შესასვლელ-გასასვლელში ახალი ბანერები დამონტაჟდება, სადაც ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიწერება „ახალქალაქი“ და მუნიციპალიტეტის გერბი იქნება გამოსახული. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს.

დამონტაჟდება ორი სარეკლამო ბანერი: ერთი ახალციხიდან ახალქალაქისკენ მიმავალ გზაზე – შოთა რუსთაველის ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე ნინოწმინდის მხრიდან.

„საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს საერთო სტანდარტის შესაბამისი აბრა. აბრაზე დიდი ასოებით უნდა ეწეროს „ახალქალაქი“, გამოსახული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის გერბი და განათდეს. ახალციხიდან, ადიგენიდან ამოდიან, მშენებლობა ამგვარად ხორციელდება“, – ამბობს ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი.

2

შერჩეული ტერიტორიები ყველაზე შესაფერისი ადგილებია სარეკლამო ბილბორდების დასამონტაჟებლად,მაგრამ არ ასახავს მუნიციპალიტეტის საზღვრებს.

„ჩვენ მივედით საერთო შეთანხმებამდე, რომ თითოეულ ქალაქში შესვლისას და გასვლისას ნიშანი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ქალაქთან. მუნიციპალიტეტების ნიშნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთნაირად, იგივე სტანდარტებით იქნება. ნიშნის დასაყენებლად არჩეული ადგილი კი არაფერ შუაშია მუნიციპალიტეტის საზღვრებთან“, – ამბობს ახალქალაქის მერი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ქალაქის შესასვლელთან, სადაც ახალი აბრის დამონტაჟებაა დაგეგმილი, არის სარეკლამო ტაბლა, თუმცა ის დემონტირებული იქნება, რადგან მერის თქმით, ის უკანონოდ იყო დამონტაჟებული.