„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათი სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა ადვოკატმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი 23 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა, რა დროსაც მოხდება მტკიცებულებების წარდგენა და დაიწყება მტკიცებულებათა გამოკვლევა, ასევე, მოწმეთა დაკითხვა.
„ჩვენი ამოცანა არ არის, ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული, ეს არის მიუღწეველი ამოცანა და მისია. ეს ხელისუფლება შესაცვლელია, ხელისუფლება, რომელიც დგას კრიმინალებზე, რომლებიც საზრდოობენ ხელისუფლებით. ჩვენც დავინახეთ, არანაირი განსხვავება არაა პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებსა და მოძალადეებს შორის, ვინც თავს დაესხა ჩვენს მეგობრებს, თანამოაზრეებს. ისინი ფეხაწყობილი, სრულ კოორდინაციაში არიან წლების განმავლობაში. ძალიან კარგად ვიცი, 2020 წლიდან მოყოლებული კონკრეტულად რა ხდება გლდანის რაიონში. დანაშაულებრივი ჯფუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს რამდენიმე პირი, პირდაპირ დაკავშირებულია პოლიციასთან, მოქმედებენ ერთად. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით. თუ ვინმეს სხვა მოსაზრება აქვს, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო ობიექტურობასთან. დიახ, ჩემთვის დღეს ყველა ის პოლიციელი, ვინც ხელს აფარებს კრიმინალს, არის ისეთივე კრიმინალი, მათ წინააღმდეგ ბრძოლა არის პატივი. გადაჭარბების გარეშე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისსა და დიღმის სამმართველოს შორის განსხვავება არ არსებობს, ეს არის პარტიული დაწესებულება. საკითხი არ მეხება მხოლოდ მე. შეუძლებელია, აიტანო ის, რაც აკადრეს ბიჭებს, პატრიოტ ადამიანებს. ყველაფერს შეიძლება ელოდო, მაგრამ მე ველოდები ამ ქვეყნის გამარჯვებას, რომ 90-იანი წლები, რომელიც რეინკარნირდა და „შპანა“ და კანონიერი ქურდები უბან-უბან დაძრწიან, აკონტროლებენ ყველაფერს, წარსულს ჩაბარდეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულმა პირებმა სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა და გაუწიეს წინააღმდეგობა.