„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსი ტურისტების, მათ შორის საკრუიზო გემისა და მასზე მყოფი ტურისტების შემოტანილი ფული მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, რომლის ზრდაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.
კობახიძის თქმით, კრუიზმა ეკონომიკას „350 ათასი მოუტანა“, რაც „ცოტა არ არის, არც ძალიან ბევრია, მაგრამ ცოტაც არ არის“.
საქართველოს ეკონომიკისთვის რუსული ტურიზმის მნიშვნელობაზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ გარეშე 20-30 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება.
„რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ, ქვეყანა დაკარგავს წელიწადში მილიარდ დოლარს. ეს ნიშნავს 20-30 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვას“, – თქვა მან.
„ოცნების“ თავმჯდომარის მტკიცებითვე, გემზე მყოფ პირებს არ დაურღვევიათ კანონი ოკუპაციის შესახებ, ვინაიდან „გემი არ შესულა აფხაზეთში“. კრუიზზე მყოფ ტურისტთა ზოგ განცხადებაზე, – რომელთა თანახმადაც აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, – კომენტარის გაკეთებისას კობახიძემ ტურისტებისთვის ჟურნალისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კითხვის დასმას „პროვოკაცია“ უწოდა და პარალელი გაავლო სერბეთისა და კოსოვოს [აღიარებულია გაეროს ათეულობით წევრის მიერ] სიტუაციას:
„სერბეთში რომ ჩავიდნენ, მაგალითად, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები. მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი ეტყვის, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის სერბეთის ნაწილი. ეს არ ნიშნავს, რომ ტურისტები ცუდი ადამიანები არიან – რაც უთხრეს, იმას იმეორებენ“, – ამბობს იგი.