ხვალიდან, 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, ქვეყნის ათ დიდ ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ასეთი ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი.
პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მობილობის შემცირების მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში არჩევნების მეორე ტური ტარდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია ასევე დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
1 ოქტომბრიდან თბილისის, რუსთავის, ზუგდიდისა და ქუთაისის სკოლებმა ნაწილობრივ განაახლეს სწავლა სრულ განაკვეთზე – I-VI კლასის მოსწავლეები დაუბრუნდნენ კლასებს. დისტანციური სწავლება გაგრძელდა VII-XII კლასებში.
16 ოქტომბრისთვის, COVID-19 ფაქტების იდენტიფიცირების გამო, ოთხი ქალაქის 20 სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. კიდევ 55-მა სკოლამ ცალკეული კლასები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაიყვანა.
სექტემბრიდან საქართველოში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. თუ ეპიდემიის პირველი ტალღის დროს, 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1500 შეადგინა, ახლა ქვეყანაში ყოველდღიურად ორი ათასამდე ახალი შემთხვევა ვლინდება.
კორონავირუსის ყველაზე მეტი – 650 ახალი შემთხვევა თბილისშია, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი ვითარებაა: აჭარა – 506, იმერეთი – 324, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 200, შიდა ქართლი – 100, გურია – 47, ქვემო ქართლი – 46, მცხეთა-მთიანეთი – 39, კახეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსის 15 501 აქტიური შემთხვევაა, ამათგან საავადმყოფოში 4253 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 589 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 281 ადამიანი იმყოფება.
8984 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე, ხოლო 3080 საკარანტინო სივრცეშია.
პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 522 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან უკვე გამოჯანმრთელებულია 28 633 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია – 362.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 1833 პაციენტი.