დღეს, 20 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქში მდებარე მესამე კორპუსში, 2022-2023 სასწავლო წლის გამოსაშვები ცერემონია საზეიმოდ გაიმართა. წელს ბაკალავრის ხარისხი 35-მა სტუდენტმა მიიღო, მათგან 10 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებულები არიან, 25 კი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ეკონომიკის სპეციალობის კურსდამთავრებულები.

17

უნივერსიტეტის ეზოში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. შეიკრიბნენ კურსდამთავრებულთა ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები. ყველა ყვავილების თაიგულით ხელში, მოუთმენლად ელოდა სახელისა და გვარის გამოცხადებას.

11

საზეიმო ცერემონიის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე. შემდეგ საქართველოს ჰიმნი და სტუდენტური ჰიმნი გაისმა.

16

ცერემონიას ესწრებოდნენ და მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსი, სკოლების დირექტორები და სხვა სტუმრები .

13

ღონისძიებაზე საპატიო სიგელები გადაეცათ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ასევე მათ მშობლებსა და სკოლის დირექტორებს. წელს უნივერსიტეტს სამი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, ერთი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტიდან.

12

აღვნიშნავთ, რომ გასულ 2022 წელს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მესამე კორპუსი) 47-მა სტუდენტმა დაამთავრა,  რომელთაგან 35 ბიზნესის ადმინისტრირების, ხოლო 12 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. გასულ წელს უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა 4-მა სტუდენტმა- ორი ეკონომისტი და ორი ფილოლოგი.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია ტრადიციული ქუდების ცაში ასროლით დასრულდა.
14

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მესამე კორპუსში(ახალქალაქი), ვასილ მოსიაშვილმა Jnews-თან საუბარში თქვა, რომ სტუდენტების რაოდენობა არამარტო ახალციხეში, არამედ ახალქალაქშიც გაიზარდა. შესამჩნევად გაიზარდა „1+4“ პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობაც. წელს უნივერსიტეტში „1+4“ პროგრამით 29 სტუდენტი ჩაირიცხა. მოსიაშვილმა ასევე დაამატა, რომ წლევანდელი გამოსაშვები ცერემონია დაგვიანებით შედგა, რადგან უნივერსიტეტის ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.