საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად განცხადებების მიღება და ატესტატის გაცემა 3 ივლისიდან დაიწყება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით წელს სკოლა 47 306-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა.
„სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას შეძლებენ იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.
აბიტურიენტები მზა ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ატესტატის დაჩქარებული წესით აღების შემთხვევაში კი დაწესებულია შესაბამისი საფასური.
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც დედნის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია.
დაინტერესებულ პირებს მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, ნებისმიერ დროს ადგილიდან გაუსვლელად შეუძლიათ ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა. ამისათვის უნდა გამოიყენონ განცხადების ჩაბარებისას მათთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომერი და კოდი“, – აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, აბიტურიენტებს ელექტრონული ატესტატით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლიათ, იმის მიუხედავად, გაიტანენ თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.